პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს დავალებები მისცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დგამენ, რათა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ოჯახს დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს.
შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალებები მიიღეს. აღინიშნა, რომ ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი და საკითხი უმაღლეს დონეზე დაისმება ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო გატაცებები და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები.
საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და მიმართავს პარტნიორებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.