პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა [ფოტო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თბილისში მდებარე მეჩეთში იმყოფებოდა, სადაც მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ყურბან-ბაირამი არის ერთიანობის, მეგობრობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების დღესასწაული.
„მინდა, მუსლიმურ თემს მივულოცო ყურბან-ბაირამი. ეს არის ერთიანობის, მეგობრობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების დღესასწაული. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ყველა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ერთად აშენებდა ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენც ამ დიდი წინაპრების შთამომავლები ვართ და ღირსეულად ვაგრძელებთ ამ საქმეს. კიდევ ერთხელ მსურს, ჩვენს მუსლიმურ თემს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ქართველი მუსლიმები, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს განსაკუთრებით ემზადებიან. მორწმუნეები მსხვერპლად ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებსა და უპოვრებს უნაწილებენ. სადღესასწაულო სუფრისთვის უხვად ამზადებენ ტკბილეულს, მათ შორის ჰალვას.