პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ბაზრობების წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინეს, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი პანდემიის პირობებში და რა სახის დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეკავებას და მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს ეკონომიკა.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებისას მთავრობის მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ იგეგმება.