პრემიერ-მინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კოლომინას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ მისი საქმიანობის პერიოდში ნატო-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
საუბარი შეეხო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და თავდაცვის რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
საუბრისას, ყურადღება დაეთმო ნატო-ს 2022 წლის სამიტს. აღინიშნა, რომ სამიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, სათანადოდ შეფასდეს საქართველოს პროგრესი, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, კერძოდ, ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში და მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდგომ ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება უსაფრთხოების ერთიანი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს მონაწილეობა მოკავშირეების ძალისხმევაში, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების შესახებ, რაც ნატო-ს მთავარ პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარი მექანიზმია და მისი წარმატებით შესრულება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ნატოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და განვითარება, შესაბამისად, საქართველო მზადაა, მოკავშირეებს ფართომასშტაბიანი წვრთნებისთვის მაღალი სტანდარტების გარემო შესთავაზოს.
შეხვედრას ნატო-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი სტეფენ ელჰერშმა, საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.