პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა.

მთავრობის მეთაური ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. მათ შორის, პრემიერმა ხაზი გაუსვა განათლების სექტორში ძირეულ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი პოტენციალის სამშობლოში რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის პირველად, სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო შეიქმნა, რომელიც, მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს მოიცავს. სახელმძღვანელოები ბელგიაში მოქმედი საკვირაო სკოლების დამფუძნებლებს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გადასცა.

გარდა ამისა, დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სპეციალური ვებპორტალის შექმნას გულისხმობს.

დიასპორული ვებპორტალი, რომლის კონცეფცია უკვე მომზადებულია, სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და დიასპორას შორის ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება და ამავე დროს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მისცემს საშუალებას, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ სახელმწიფო სერვისები, ასევე ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა სამთავრობო პროგრამაზე.

შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გაიმართა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ასევე ჰქონდათ საშუალება, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიეღოთ ვიცე-პრემიერისგან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილისგან, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან.