ილია დარჩიაშვილი - სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით ვცდილობთ, ჩვენს ღირსეულ დიასპორელებს დავეხმაროთ მათი აქტივობების შედეგიანად და წარმატებით განხორციელებაში
ილია დარჩიაშვილი - სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით ვცდილობთ, ჩვენს ღირსეულ დიასპორელებს დავეხმაროთ მათი აქტივობების შედეგიანად და წარმატებით განხორციელებაში

საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით ვცდილობთ, ჩვენს ღირსეულ დიასპორელებს დავეხმაროთ მათი აქტივობების შედეგიანად და წარმატებით განხორციელებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიების სლოგანია „ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი დიასპორა“.

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა საგარეო საქმეთა სამინისტროში. გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ ჩვენი ღირსეული დიასპორის წარმომადგენლებს. ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მთავარი სლოგანია „ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი დიასპორა“.​ ჩვენთვის, მთავრობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს დიასპორასთან მჭიდრო ურთიერთობა, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც სახელმწიფოს შეუძლია შესაძლებლობების ფარგლებში, რათა ღირსეულ დიასპორელებს მხარი დავუჭიროთ მათ მომავალ აქტივობებში, რასაც ისინი აკეთებენ ქვეყნის საზღვარგარეთ წარმოჩენისთვის. სწორედ ამ სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი არის ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც ვცდილობთ, ჩვენს ღირსეულ დიასპორელებს დავეხმაროთ მათი აქტივობების შედეგიანად და წარმატებით განხორციელებაში.

დღეს სამი პროგრამა გვქონდა წარმოდგენილი, რომელშიც არიან გამარჯვებული ადამიანები. ერთ-ერთი გამორჩეული და მეტად ცნობილი პროგრამა ეს არის „ახალგაზრდა ელჩების პროგრამა“. არის ერთი მიმართულება „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომელიც მრავალფუნქციურია, ბევრი მიმართულებები აქვს და ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ პროექტის მხარდაჭერით. ასევე მესამე მიმართულება, ჩვენი კულტურისა და ფოლკლორის მხარდაჭერის პოპულარიზაციისთვის, საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ ანსამბლებს ვეხმარებით, რათა წარმოადგინონ ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, სიმღერა, ფოლკლორი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.