პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

დღეიდან პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge.

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის საშუალება ექნებათ რვა ქალაქში მთელი საქართველოს მასშტაბით. ესენია: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი, ოზურგეთი, ფოთი და ზუგდიდი.

„ყოველი მომდევნო შედეგი აუქმებს წინა შედეგებს, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე გავლილი აქვს პროცესი ერთხელ, დაადასტურა კომპეტენცია და ფიქრობს, კიდევ ერთხელ გაიაროს თუ არა ეს პროცესი“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 17 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.