პოტენციურმა ახალმა სამკურნალო საშუალებამ, გარკვეული სახის კიბოები თაგვებში რამდენიმე დღეში მოსპო — #1tvმეცნიერება
კიბოს სამკურნალო ახალი ტიპის ექსპერიმენტულმა საშუალებამ თაგვებში საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა: ცხოველებში საკვერცხისა და კოლორექტალური კიბოს მოწინავე სტადიის აღმოფხვრა სულ რაღაც ექვს დღეში.
ახალი თერაპია მხოლოდ თაგვებში გატესტეს, შესაბამისად, დიდი აღფრთოვანების საფუძველი ჯერ არ გვაქვს. თუმცა, ადრეული ნიშნები იმედისმომცემია, წლის ბოლოს კი უკვე შეიძლება კლინიკური ცდებიც დაიწყოს ადამიანებზე.
მკურნალობა მოიცავს ციცქნა „წამლების ფაბრიკა“ ბურთულებს, რომლებიც სხეულში შეჰყავთ და აწვდის ინტერლეიკინი-2-ის (IL2) უწყვეტ, მაღალ დოზას — ეს გახლავთ ბუნებრივი ნაერთი, რომელიც სისხლის თეთრ უჯრედებს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში რთავს.
„მხოლოდ ერთხელ შევიყვანეთ, მაგრამ წამლის ფაბრიკებმა დოზის წარმოება ყოველდღე განაგრძო, სადაც საჭირო იყო, იქამდე, ვიდრე კიბო არ ამოიძირკვა“, — ამბობს ტეხასის რაისის უნივერსიტეტის ბიოინჟინერი ომიდ ვაიში.
მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც შესაფერისი დოზა განისაზღვრა, ანუ, რამდენი „ფაბრიკა“ იყო საჭირო, საცდელი ცხოველების ას პროცენტში მოსპეს საკვერცხის კიბო, რვიდან შვიდ ცხოველში კი კოლორექტალური კიბო.
ინტერლეიკინი-2 იმუნური სისტემის ამოქმედებელი ცილების ჯგუფს, სახელად ციტოკინებს მიეკუთვნება. კიბოს მკურნალობაში ციტოკინები უკვე გამოიყენება, მელანომასა და თირკმლის კარცინომის შემთხვევაში, მაგრამ პრობლემა, რომელსაც მეცნიერები აწყდებიან, ის არის, რომ ციტოკინებმა კიბოს ეფექტიანად ისე ებრძოლონ, რომ არ მოხდეს ანთება მთელ სხეულში, რაც დრამატულ გვერდით ეფექტებს იწვევს.
ახალ კვლევაში, ბურთულები პერიტონეუმში, მოათავსეს, პარკის მსგავს გარსში, რომელიც აკრავს ნაწლავებს, საკვერცხეებს და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს. ასე მოხდა პრეპარატის კონკრეტულად კიბოზე დამიზნება.
„წამლის ფაბრიკებში“ შეტანილი ინტერლეიკინი-2-ის დოზა ზედმეტად ტოქსიკური იქნებოდა ინტრავენურად შესაყვანად, მაგრამ ამ შემთხვევაში იმუშავა იმიტომ, რომ მაღალი კონცენტრაცია უშუალოდ სიმსივნეზეა ფოკუსირებული. ცდების მიხედვით დადგინდა, რომ ცილის კონცენტრაცია მთელ სხეულში 30 პროცენტით უფრო დაბალი იყო, ვიდრე სიმსივნესთან.
თითოეულ ბურთულას აქვს ჰიდროგელისგან დამზადებული გარე უჯრედი, რომელიც ციტოკინის მწარმოებელ უჯრედებს ეფარება და თავდასხმისგან იცავს. იმუნური სისტემა ამ ბურთულებს უცხო ობიექტებად აღიქვამს, მაგრამ არა დაუყოვნებლივ საფრთხედ, რაც მათ თავიანთ საქმის გაკეთების საშუალებას აძლევს. შესაძლებელია მათი დაპროგრამებაც, რათა ავტომატურად გამოირთონ.
„30 დღეში უსაფრთხო გახდა უცხო სხეულზე რეაქციები და გამოირთო კაფსულიდან ციტოკინების დინება. ასევე ვაჩვენეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია უსაფრთხოდ მოვახდინოთ მკურნალობის მეორე კურსის ადმინისტრირებაც“, — ამბობს ვაიში.
კიბოს წინააღმდეგ „წამლის ფაბრიკა“ ბურთულების ორგანიზმში შეყვანა პოტენციურად ყველგან არის შესაძლებელი, სადაც არის აპკი; ამას გარდა, მკვლევრები აცხადებენ, რომ მათი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის პრეპარატების შეყვანა. ის მოქნილი და ამავე დროს ინოვაციური სისტემაა.
გარდა ამისა, ამ შემთხვევაში გამოყენებული წამალი უკვე დამტკიცებულია, როგორც კლინიკურ ცდებში მოხმარებისთვის უსაფრთხო, რამაც შეიძლება, პროცესი დააჩქაროს. საბოლოო სამკურნალო საშუალებები მინიმალურად ინვაზიური და შედარებით პირდაპირ ადმინისტრირებადი უნდა იყოს.
„ამ კვლევაში ვაჩვენეთ, რომ „წამლის ფაბრიკებმა“ ინტერლეიკინი-2-ის რეგულირებადი ადგილობრივი ადმინისტრირებისა და კიბის მოსპობის საშუალება მოგვცა რამდენიმე თაგვში, რაც ძლიერ ამაღელვებელია. ეს ძლიერ დასაბუთებულ მიზეზს გვაძლევს კლინიკური კვლევებისთვის“, — ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის გინეკოლოგიური ონკოლოგიის პროფესორი ამირ ჯაზაერი.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.rice.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.