„პოსტივი“ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წილების ყიდვაზე განცხადებას ავრცელებს - გადავწყვიტეთ, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი მოძრაობა „ხალხის ძალას“, არხი დღეიდან ხდება მოძრაობის მედიაპლატფორმა
ტელეკომპანია „პოსტივი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პოსტივის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მათივე განმარტებით, არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი.
განცხადების თანახმად, არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც სრული იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ.
„ძვირფასო მეგობრებო, დაარსების დღიდან ჩვენი ტელევიზია ღიად და დაუფარავად აცხადებდა თავისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ჩვენს უპირატესობად ვთვლით, რომ მაყურებელს პატიოსნად ვეუბნებოდით, თუ ვის და რა იდეას ვუჭერდით მხარს. ასევე, თავიდანვე ცხადი იყო ის იდეოლოგიური პლატფორმა, რომელზეც არხი იდგა. ჩვენი გულწრფელობა დაფასდა და ძალიან დიდი მადლიერებით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი არხის ერთგული მაყურებლის რიცხვი და შესაბამისად, რეიტინგიც.
ახალ დროს ახალი გამოწვევები მოაქვს. ჩვენი უცვლელი პრინციპია, ვემსახუროთ ხალხს და ქვეყანას იქ, სადაც სიმართლეა და ისე, როგორც ჩვენ გვწამს. ამიტომაც, „პოსტივის“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მიგვაჩნია, რომ მათ მიერ გაცხადებული მიზანი, ქართველმა ხალხმა გაიგოს მეტი სიმართლე, ამ რთულ და ფეთქებადსაშიშ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ემთხვევა ჩვენი არხის შექმნის იდეას. არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალას“ მედიაპლატფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. არხს ყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ღრმად გვწამს, რომ ამ ნაბიჯების გადადგმით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში“, – აღნიშნულია „პოსტივის“ განცხადებაში.