პორტუგალიაში ტყის ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან, ხანძრის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, 40-ზე მეტი კი დაშავდა
პორტუგალიაში ტყის ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მეხანძრე. ამასთან, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ხანძარი კვირას გაჩნდა. ამ დროისთვის დამწვარია 62 000 ჰექტარის ფართობის ტერიტორია. ყველაზე მეტად დაზარალდა ცენტრალურ და ჩრდილოეთი რეგიონები, სადაც 47 376 ჰექტარის ფართობის ტერიტორია დაიწვა.
პორტუგალიის ყველა მუნიციპალიტეტში, რომელიც ბოლო დღეებში ხანძრების გამო დაზარალდა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ხანძრის ლოკალიზებას ამ დროისთვის 1 000-ზე მეტი მეხანძრე 320 სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ცდილობს. დაზიანებულია 40-ზე მეტი სახლი.
პორტუგალიის მთავრობის მოთხოვნის საპასუხოდ, ხანძართან საბრძოლველად ევროკომისიამ რვა სპეციალური თვითმფრინავი გაგზავნა.