პოროშენკო - მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის გაუმჯობესების სამუშაო და ქართულ მხარეს შეუძლია, ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას დაუკავშირდეს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის გაუმჯობესების სამუშაო და ქართულ მხარეს შეუძლია, მასში ჩაერთოს.
„ეს დაგვეხმარება უფრო მეტი ყურადღება მივიქციოთ და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ ვუბიძგოთ. ამას შესაძლოა, დაემატოს ქართული კომპონენტი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კუთხით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ამასთან, პოროშენკომ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონაში დაშავებული უკრაინელი სამხედროების რეაბილიტაციის კურსისთვის.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის ერთობლივად აღნიშვნის საკითხი.
საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ასი წლისთავი 2018 წლის 4 ივლისს აღინიშნება.