პომიდვრის წვენი სალმონელას საშიშ ბაქტერიებს ხოცავს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის მიხედვით, პომიდორი შეიძლება ნაწლავებში მიმდინარე ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში გვეხმარებოდეს.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ეს ბოსტნეული (თუ ხილი?) სავსეა ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და სხვა ნაერთებით — რომელთაგან ორს, კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნით, ბაქტერიების დახოცვის თვისებები აქვს; ასე აჩვენა მათ მიერ ჩატარებულმა უჯრედულმა ექსპერიმენტებმა.
მკვლევართა ჯგუფს კორნელის მიკრობიოლოგი ჯეონგმინ სონგი ხელმძღვანელობდა. მეცნიერებს აინტერესებდათ სალმონელა — ენტერობაქტერიების გვარი, რომელიც ჩვენს ნაწლავებში იჭრება და ხშირად იწვევს საკვებით მოწამვლას.
უფრო კონკრეტულად, ჯგუფი ფოკუსირდა სალმონელას სეროტიპზე, სახელად Salmonella enterica, რომელიც მხოლოდ ადამიანებში ბინადრობს და მუცლის ტიფს იწვევს, როდესაც ნაწლავებიდან სისხლის მიმოქცევაში ხვდება და სხეულში ვრცელდება.
საკვებით გადამდები სხვა პათოგენების მსგავსად, საკვების სათანადოდ დამუშავება და შენახვა, ისევე როგორც ანტიბიოტიკებზე წვდომა, სალმონელათი საკვებით მოწამვლის თავის არიდებაში გვეხმარება.
თუმცა, მსოფლიოს მრავალ ნაწილში, სადაც ხალხს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე, სანიტარიაზე და ტიფის ვაქცინებზე, მუცლის ტიფი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დიდ პრობლემად. ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის დაბინძურებული საკვებითა და წყლით კონტაქტისას; ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ბავშვები არიან.
2016 წელს, პაკისტანში დაფიქსირდა პრეპარატებისადმი ძლიერ რეზისტენტული ტიფის პირველი აფეთქება. მას შემდეგ რვა წელი გავიდა და ინფექციურ დაავადებათა ექსპერტები კვლავ შიშობენ, რომ კონტროლის გარეშე, იქიდან კვლავ შეიძლება მოხდეს რეგიონული ან გლობალური გავრცელება.
ამავე დროს, პაკისტანში, აზიისა, აფრიკისა და ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში პრობლემაა არასაკმარისი კვება. 2023 წელს 64 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2 წლამდე ბავშვების თითქმის ნახევრის კვების რაციონში არ შედის ხილ-ბოსტნეული.
„ამ კვლევაში ჩვენი მთავარი მიზანი იმის გარკვევა იყო, შეუძლია თუ არა პომიდორს და პომიდვრის წვენს ენტერო პათოგენების, მათ შორის ტიფის სალმონელას დახოცვა. და თუ ასეა, რა თვისებებით ახერხებენ ამას.
ლაბორატორიაში გაზრდილი ტიფის სალმონელას კულტურები ახლად გამოწურულ პომიდვრის წვენთან მოათავსეს; ისინი 24 საათში დაიხოცნენ, მაგრამ არა წვენის მჟავიანობის გამო.
მკვლევრებმა პომიდვრის (Solanum lycopersicum) გენომი დაასკანერეს — ეძებდნენ გენების დამშიფრავ პატარა ცილებს, სახელად პეპტიდებს, რომლებიც შეიძლება ანტიმიკრობული აგენტების სახით მოქმედებდნენ.
ოთხი თავდაპირველი კანდიდატიდან ჯგუფმა გამოავლინა ორი ანტიმიკრობული პეპტიდი, რომლებიც ტიფის სალმონელას ზრდას ბლოკავდნენ და ხოცავდნენ კიდეც ისეთ შტამებს, რომლებიც მუცლის ტიფის სამკურნალო ძირითადი ანტიბიოტიკის, ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტულები არიან.
და ბოლოს, მკვლევრებმა ორი წამყვანი კანდიდატი პეპტიდის ფორმის მოდელირება მოახდინეს და ჩაატარეს ბაქტერიულ უჯრედის მემბრანასთან მათი ურთიერთქმედების სიმულირება. მოდელირების პროგნოზით, ტიფის სალმონელას მემბრანა ორივე პეპტიდმა სულ რაღაც 45 წუთში დაარღვია.
შემდეგ ექსპერიმენტებში, ნაერთმა ასევე დახოცა Salmonella Typhimurium-ი — სალმონელას არატიფური შტამი, რომელიც საკვებით არასასიკვდილო მოწამვლას იწვევს.
გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტებია და არცერთი რომელიმე მხოლოდ ერთი ტიპის საკვები არ მოქმედებს მაგიურად.
კვლევა უფრო ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას, რათა მოხდეს ადამიანების წახალისება დაბალანსებულ რაციონში მეტი პომიდვრის, ხილისა და ბოსტნეულის შესატანად.
კვლევა Microbiology Spectrum-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.