აღმოჩენილია უძველესი ცხარე წიწაკის ნამარხი, რომელმაც მცენარეთა ამ ოჯახის ისტორია შეიძლება თავდაყირა დააყენოს — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია უძველესი ცხარე წიწაკის ნამარხი, რომელმაც მცენარეთა ამ ოჯახის ისტორია შეიძლება თავდაყირა დააყენოს — #1tvმეცნიერება

შეიძლება საჭირო გახდეს იმ ყველაფრის გადახედვა, რაც გვეგონა, რომ ძაღლყურძენასებრთა ოჯახის (Solanaceae) მცენარეების შესახებ ვიცოდით. ეს კატეგორია მოიცავს პომიდორს, კარტოფილსა და წიწაკას. ცოტა ხნის წინ იდენტიფიცირებული რამდენიმე ნამარხი მიუთითებს, რომ ეს მცენარეები იმაზე დიდი ხანია არსებობს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

თანაც ძალიან დიდი ხანი — ცხარე წიწაკის შემთხვევაში, 50 მილიონი წელიწადი ჩრდილოეთ ამერიკაში და არა 15 მლნ წელიწადი, როგორც ამას წინა კვლევები მიუთითებდა. როგორც ჩანს, ის ეოცენის პერიოდის მცენარეა; ეს ხანა დედამიწაზე 56-34 მილიონი წლის წინ იდგა.

კვლევა ეფუძნება მუზეუმებში დაცული კოლექციების ხელახლა შესწავლას; ეს ნამარხები ცხარე წიწაკად არ იყო იდენტიფიცირებული, მაგრამ ჰქონდა ამ ოჯახისთვის დამახასიათებელი ნიშნები: ნაყოფის ღეროს ბოლოდან გამოშვერილი პატარა წვერები. გამოცდილი თვალი მაშინვე მიხვდებოდა, რომ ეს ძაღლყურძენასებრთა მცენარეების ნიშნები იყო.

„თავიდან ვიფიქრე, რომ „შანსი არაა! სიმართლე ვერ იქნება“, მაგრამ ყველაფერი იმდენად დამახასიათებელი იყო წიწაკისთვის. ეს ოჯახი გაცილებით ძველია, ვიდრე გვეგონა“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი როჩიო დეანა.

ახლად იდენტიფიცირებულ ორ ნამარხს, უძველეს წიწაკასა და პომიდორს, კოლუმბიასა და არგენტინაში აღმოჩენილ სხვა ძაღლყურძენასებრთა მსგავსი ასაკები აქვთ, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ეოცენის ხანაში, ეს მცენარეები გავრცელებული იყო როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკაში.

იმ დროს მსოფლიო ძლიერ სხვანაირი იყო: არსად იყო ყინული, ზღვის დონე გაცილებით მაღალი იყო, ჰაერში კი ნახშირორჟანგი ორჯერ მეტი იყო. მკვლევართა აზრით, წიწაკა მაშინ კენკრის მსგავსი ხილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სავარაუდოდ, მაინც მწარე.

ამ მცენარეთა თესლის გავრცელების ყველაზე სავარაუდო გზა ფრინველები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ახალმა კვლევამ გააჩინა კითხვა, ცხარე წიწაკა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გავრცელდა თუ სხვა გზებით.

„ცხარე წიწაკის სახეობა, რომელიც გვეგონა, რომ ევოლუციური თვალსაზრისით ძალიან ცოტა ხნის წინ წარმოიშვა, სინამდვილეში გაცილებით დიდი ხნისაა.ჯერ კიდევ ახალი ქრონოლოგიის შესწავლის პირობებში ვართ“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი სტეისი სმიტი.

დღეისათვის, ძაღლყურძენასებრთა ოჯახი ძირითადად ტროპიკებში გვხვდება, სადაც ატმოსფერო უფრო თბილია. ახლა, როდესაც მკვლევრებმა მისი გაჩენის თარიღი ათობით მილიონი წლით უკან გადაწიეს, შეიძლება ბევრი რამ შევიტყოთ იმის შესახებ, თუ როგორ მოერგნენ და გადაურჩნენ ეს მცენარეები პლანეტის კლიმატურ ცვლილებებს.

ამ ტიპის ნამარხები ძლიერ იშვიათია და შესაბამისად, ორი უძველესი კენკრის ზუსტი კლასიფიცირება მეცნიერებს ზედმეტად ღირებულ ახალ მონაცემებს სთავაზობს. როგორც მათი წარმოშობის ადგილის დადგენის, ისე იქიდან გავრცელების თვალსაზრისით.

ცხარე წიწაკად იდენტიფიცირებული ნამარხი კოლორადოში 1990-იან წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ მისი რაობა ბოლო დრომდე არ იყო გარკვეული, რადგან ძაღლყურძენასებრთა იდენტიფიცირებას სპეციალიზებული ცოდნა სჭირდება; ეს ოჯახი დაახლოებით 3000 სახეობას და თითქმის 100 სხვადასხვა გვარს მოიცავს.

„ბევრი აღმოჩენა ნიმუშთა შეგროვებიდან ათწლეულების შემდეგ ხდება. ვინ იცის, რამდენი სხვა ახალი სახეობა დევს მუზეუმებში? ისინი უბრალოდ განსწავლულ თვალს ელოდებიან“, — ამბობს სმიტი.

კვლევა New Phytologist-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია colorado.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.