პოლონეთში, ქართველი იუნკერის სახლში საქართველოს კულტურის ცენტრი განთავსდება [ვიდეო]

ქართველი იუნკერის, პოლონეთის არმიის ყოფილი ოფიცრის, ნიკოლოზ მათიკაშვილის სახლში საქართველოს კულტურის ცენტრი გაიხსნება. სახლი, რომელიც ქართველი იუნკერის ქვრივმა საქართველოს სახელმწიფოს 2007 წელს გადასცა, ვარშავიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, დაბა პიასეჩნოში მდებარეობს. შენობისა და ეზოს განახლება პოლონეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი რესურსებით მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის პროექტი ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა პირველ არხს გააცნო. ნიკოლოზ მათიკაშვილის სახლის ეზოში დღემდე ხარობს ვაზი, რომელიც გადმოცემის თანახმად, ქართველ იუნკერს მისმა დეიდაშვილმა, გიორგი ლეონიძემ საქართველოდან საჩუქრად გამოუგზავნა.

მარანი, თონე, ვენახი, – ეზოში ეთნოგრაფიული სივრცე მოეწყობა, გაკეთდება საგამოფენო დარბაზები, სადაც პოლონეთის არმიაში მებრძოლი ქართველი ოფიცრებისა და იუნკერების შესახებ არქივში დაცული მასალები განთავსდება.

ქართველი იუნკერის სახლი ქართული კულტურის ცენტრად უნდა გადაიქცეს, – ასეთია საქართველოს ელჩის გეგმა.