პოლონეთში ავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა
2018 წლის 16 მარტს პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა (ლოძის რეგიონი) და კონსკიეს (სვიეტოკშის რეგიონი) დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს ხუთი მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა საქართველოს კონსული პოლონეთის რესპუბლიკაში თეიმურაზ ფურცელაძე. მან მოინახულა დაშავებულები და შეხვედრა გამართა ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებში.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.წინასწარი ინფორმაციით, „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა.
საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. ხუთი დაშავებულს კი ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ.
„პოლონეთში საქართველოს საელჩომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს და მუდმივ კავშირზეა მათთან.
შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარდაცვლილი თანამოქალაქეების გადმოსვენების პროცედურის დაწყება.
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის რეპუბლიკაში სამსახურეობრივი მიზნით იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.