პოლონეთში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე შეფრინდა „ობიექტი“, რომლის ძებნაც მიმდინარეობს
პოლონეთში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე შეფრინდა „ობიექტი“, რომლის ძებნაც მიმდინარეობს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეფრინდა ობიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მედიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ობიექტის ძებნა, რომლის შესახებაც ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს არ იყო რაკეტა. დიდი ალბათობით, საუბარია დრონზე.
ამასთან, გამოცემა Polsat News-ი ციტირებს პოლონეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ მაცეი კლიშის განცხადებას, რომლის თქმითაც, ობიექტის არსებობა პოლონეთის საჰაერო სივრცეში დადასტურდა, სულ მცირე, სამი რადიოლოკაციური სადგურის რადარით. მისი განმარტებით, დაწყებულია ოპერაცია ობიექტის საპოვნელად.
ცნობისთვის, 26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინაზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიმართულებით გაუშვეს ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით ასი უპილოტო საფრენი აპარატი. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 20 დაშავდა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით ხდება.