პოლონეთსა და ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეები წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ევროპის ქვეყნებში მივლენილი პოლიციის ატაშეები წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა. გამსახურდიას აღნიშნული ჯილდო პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, გენერალმა იაროსლავ შიმჩიკმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია პოლიციის მთავარი კომენდატურის შენობაში გაიმართა.
საქართველოს პოლიციის ატაშე, შალვა შუბლაძე კი „წითელი ჯვრის“ მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ უცხოელი პოლიციის ატაშე ესპანეთში აღნიშნული ტიპისა და მაღალი რანგის მედლით დაჯილდოებულიყო. შალვა შუბლაძეს „წითელი ჯვრის“ მედალი, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე მარლასკას ბრძანებით, არსებული წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გათვალისწინებით გადაეცა.