პოლონეთმა შეაჩერა იმ უკრაინული სატვირთო მანქანების გადაადგილება, რომლებსაც არ აქვთ საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვა
უკრაინამ ევროკომისიას აცნობა, რომ პოლონეთმა შეაჩერა უკრაინული სატვირთო მანქანების გადაადგილება, რომლებსაც არ აქვთ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვა, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, სერგეი დერკაჩმა განაცხადა.
დერკაჩის თქმით, უკრაინელ გადამზიდველებს ნებართვა არ სჭირდებათ.
„ამის შესახებ პოლონურმა მხარემ იცის, პირველ რიგში, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. პოლონურ მხარეს, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა სხვა წევრ ქვეყანას, ეცნობა უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების განახლების შესახებ. ახლა ეს მხოლოდ პოლონური მხარის შიდა კომუნიკაციის საკითხია“, – აღნიშნა დერკაჩმა.
მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა და პოლონელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ პოლონეთის საბაჟო სამსახურთან პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.
„ჩვენ ასევე ვაცნობეთ ევროკომისიას სატვირთო მანქანების გადაადგილების შეჩერების შესახებ. ევროკომისიამ უკვე იცის ვითარების შესახებ და ასევე ცდილობს პრობლემის გადაჭრას“, – აღნიშნა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.