პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს ევროპულ ქვეყნებს შორის პოლონეთს ყველაზე ძლიერი სახმელეთო ჯარები ეყოლება
ნატო-ს ევროპულ ქვეყნებს შორის პოლონეთს ყველაზე ძლიერი სახმელეთო ჯარები ეყოლება, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.
პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საბოლოო ჯამში, როგორც არტილერიის, ისე ჯავშანტექნიკის თვალსაზრისით, ევროპაში პოლონეთზე უფრო ძლიერი ქვეყანა არ იქნება.
„პოლონეთის არმია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერი უნდა იყოს, რომ მისი არსებობა აგრესორს შეაშინებს. კრემლის მმართველები არ დაარტყავენ ძლიერებს; როდესაც ხედავენ სისუსტეს, თავს ესხმიან. ჩვენ ვართ ფრონტის ხაზზე, გვაქვს საზღვარი რუსეთთან, როგორც ჩრდილოეთით, ასევე, ფაქტობრივად, სამხედრო თვალსაზრისით, ბელარუსიდან“, – თქვა მარიუშ ბლაშაკმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა მიმდინარე წელს „პატრიოტის“ საზენიტო სისტემებს მიიღებს და ასევე იქნება ბრიტანული „სქაი საბერის“ მსგავსი ბატარეა.