პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი - ჩემი გულთბილი სალამი ქართულ ტელევიზიას, გმადლობთ, რომ ასეთ მომენტებში ყოველთვის ერთად ვდგავართ [ვიდეო]
საქველმოქმედო მარათონთან დაკავშირებით – „ჩვენ უკრაინისთვის“, რომელსაც საქართველოში პირველი არხი მართავს, მიმართვას ავრცელებს პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იაცეკ კურსკი.
„როგორც ჩანს, სამშაბათს ჩვენს მაგალითს გააგრძელებს საქართველოს ტელევიზია. ჩემი გულთბილი სალამი ქართულ ტელევიზიას! არასოდეს დამავიწყდება ჩემი ვიზიტი საქართველოში და ის მეგობრული გრძნობები, რაც ქართველებს ყოველთვის აქვთ ჩვენ მიმართ. განსაკუთრებით კი, ლეხ კაჩინსკის ვიზიტის შემდეგ, რომლის წინასწარმეტყველებაც დღეს ცხადდება. ეს წინასწარმეტყველება განსაკუთრებით საშინელი, მაგრამ ჭეშმარიტია, დღეს ის ახდა. შემდეგ საქართველო, ახლა უკრაინა, მალე ალბათ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ ჩემი ქვეყანა, პოლონეთი – ასე თქვა ლეხ კაჩინსკიმ. დაე, ეს არ მოხდეს და შეაჩერონ ეს შეშლილი პუტინი – ომის დამნაშავე. ამისთვის არსებობენ პოლიტიკოსები, ამისთვის არიან სამხედროები და ჩვენ, საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც საზოგადოების ემოციების ორგანიზებას ვახდენთ ეროვნული იდენტობის საშუალებით, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია ასეთ მომენტებში. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ ასეთ მომენტებში ყოველთვის ერთად ვდგავართ“, – აცხადებს იაცეკ კურსკი.
საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლების სოლიდარობის აქცია მთელ ევროპაში, მარათონმა სტარტი ვარშავაში აიღო, დღეს თბილისსა და პრაღაში, შემდეგ ტალინსა და ბუქარესტში, ასევე მთელი ევროპის ყველა დედაქალაქში საქველმოქმედო მარათონები გაიმართება, მიზანი კი ერთია – უკრაინელი ხალხის დახმარება.