პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი – კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა თუ ხდება, ეს პოლონეთის კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმაა
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი ზბიგნევ ბოგუცკი დონალდ ტუსკის მთავრობას საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად პოლიციის გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ტრიბუნალში მომხდარი კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმაა.
„თუ კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა ხდება, ეს პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმაა. მიკვირს, რომ ზოგიერთი თავად აღიარებს: ცდილობდა, ტრიბუნალში შეეყვანა ადამიანები, რომლებიც, მოკლედ რომ ვთქვათ, მოსამართლეები არ არიან“, – განაცხადა ბოგუცკიმ.
მისი განმარტებით, მოსამართლედ გახდომას სამი ეტაპი აქვს: სეიმის მიერ არჩევა, პრეზიდენტის თანდასწრებით ფიცის დადება და ამის შემდეგ სამუშაოს დაწყება. ბოგუცკის თქმით, ანა კორვინ-პიოტროვსკას, რომელიც თავს ტრიბუნალის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევს, ბოლო ორი ეტაპი არასდროს გაუვლია.
ბოგუცკის განცხადებით, პრეზიდენტი ნავროცკი ტრიბუნალის ხელმძღვანელებსა და მოსამართლეებს შეხვდა, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს პირველ თავმჯდომარესთან და ტრიბუნალის ვიცე-თავმჯდომარესთან ერთად, შენობისკენ გაემართა. შენობასთან პოლიციის კორდონი დახვდათ, მაგრამ შიგნით შესვლა მოახერხეს.
ბოგუცკიმ აღნიშნა, რომ პოლიცია მხოლოდ შენობის გარეთ არ იდგა. მისი თქმით, იქ ტელეფონით გამოძახებული პროკურორი მივიდა, თან ნიღბიანი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები ახლდნენ, სავარაუდოდ, პოლიციელები.
„ასე გამოიყურება სამართლებრივი სახელმწიფო? გვინდა, რომ სასამართლოები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პოლიციის ხელში იყოს? ეს არ არის ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიული შეიძლება, ეწოდოს“, – განაცხადა ბოგუცკიმ.
კონფლიქტი გასულ კვირას დაიწყო. მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის, ბართლომიეი სოხანსკის უფლებამოსილება შეაჩერა. მისი თქმით, ტრიბუნალის ხელმძღვანელობა ახლად არჩეულ მოსამართლეებს სამუშაოს დაწყებას უშლის. დავის საგანი ოთხი მოსამართლეა, რომლებიც პარლამენტმა აირჩია. მათ პარლამენტში ფიცი დადეს, მაგრამ პრეზიდენტი ნავროცკი ამბობს, რომ მისი თანდასწრებით ფიცის დადების გარეშე ისინი მოსამართლის უფლებამოსილებას ვერ განახორციელებენ.