უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, ანჯეი დუდა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, პაველ შროტმა განაცხადა.
როგორც შროტმა აღნიშნა, შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. უსაფრთხოების სხვადასხვა მოსაზრება ასევე დიდ როლს თამაშობს. ზელენსკი არის ქვეყნის ლიდერი, რომელიც ომშია, მას რუსეთისგან ტერორისტული თავდასხმის საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა შროტმა კითხვის საპასუხოდ, თუ როდის შეიძლება, ორი პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართოს.
ამასთან, როგორც პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, ანჯეი დუდა მხარს უჭერს პოლონეთის მთავრობის პოზიციას უკრაინულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტზე ემბარგოს ცალმხრივად გაგრძელებასთან დაკავშირებით.
„თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, პოლონეთმა გადაწყვიტა, დახუროს პოლონური ბაზარი უკრაინული მარცვლეულისთვის, რადგან პოლონეთს ეს მარცვლეული არ სჭირდება. ეს მარცვლეული ძალიან საჭიროა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შიმშილი ემუქრებათ. ამ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება პოლონეთის გავლით უნდა მოხდეს“, – განაცხადა შროტმა.