პოლონეთის პრემიერმა ნატო-ს მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა
პოლონეთის პრემიერმა ნატო-ს მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთი ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს, ბელარუსის საზღვარზე არსებულ მიგრანტთა კრიზისის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, როდესაც მათ ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.
პოლონეთის პრემიერის თქმით, საჯაროდ შეშფოთების გამოთქმა არ არის საკმარისი სიტუაციის დასარეგულირებლად და აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ათასობით არალეგალი მიგრანტია შეკრებილი. მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის იმედით ჩადიან. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას არალეგალი მიგრანტების გამოყენების გზით „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ სდებს ბრალს და დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება. ბელარუსი ბრალდებებს უარყოფს.