პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ პოსტი დატოვა. 

შიდლო პოლონეთის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ ფორმირებულ მთავრობას 2015 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.

პ​ოლონეთის ახალი პრემიერი „კანონისა და სამართლიანობის“ თავმჯდომარე, ფინანსთა მინისტრი, 49 წლის მატეუშ მორავეცკი გახდება.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, შიდლო სავარაუდოდ მინისტრთა კაბინეტში დარჩება და ერთ-ერთ სამინისტროს უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლონეთის პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყარეს კენჭი, თუმცა საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ დააგროვეს.

უმსხვილეს ოპოზიციურ პარტია „სამოქალაქო პლატფორმაში“ ფიქრობენ, რომ ბეატა შიდლოს პრემიერის თანამდებობა ნებაყოფლობით არ დაუტოვებია და მიიჩნევენ, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის მოთხოვნით მიიღო.

როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი გჟეგოჟ სხეტინა წერს, მსგავსი ქმედებები მთავრობის მეთაურს ამცირებს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ბეატა შიდლოსა და იაროსლავ კაჩინსკის შორის რიგ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებაა.

ბეატა შიდლოს მმართველობის პერიოდში პოლონეთს ევროკავშირთან ურთიერთობები დაეძაბა, რაც სასამართლო რეფორმას უკავშირდებოდა.