პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იტალიელ და ფრანგ ულტრამემარჯვენეებთან გაერთიანებას გამორიცხავს
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იტალიელ და ფრანგ ულტრამემარჯვენეებთან გაერთიანებას გამორიცხავს

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იტალიელ და ფრანგ ულტრამემარჯვენეებთან გაერთიანებას გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება პარტია „კანონის და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში გააკეთა. გადაწყვეტილების მიზეზად კაჩინსკიმ მის პარტიასა და ულტრამემარჯვენეებს შორის რუსეთთან ურთიერთობებზე არსებული უთანხმოება დაასახელა.

„როდესაც საქმე ეხება სალვინის, აქ ჩვენ გვაქვს პრობლემა, რადგან მას სურს ახალი ჯგუფის შექმნა, რომლის წევრობასაც ჩვენ ვერ დავთანხმდებით. ამ ჯგუფში მოიაზრება საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანება“ და ასევე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავთანხმდებით“, – განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იტალიელ ულტრამემარჯვენეებთან ერთ ჯგუფში გაერთიანებაზე უარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმაც“ თქვა.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, იტალიური პარტია „ლიგის“ ლიდერმა, მატეო სალვინიმ, მოუწოდა ევროპის ნაციონალისტურ პარტიებს დროებით დაივიწყონ განსხვავებები და შექმნან 10 პარტიისგან შემდგარი, ახალი, მძლავრი ჯგუფი სახელწოდებით „ევროპული ალიანსი ხალხებისა და ერებისთვის“.