პოლონეთის ხელისუფლება სმოლენსკის ავიაკატასტროფის შესახებ ტექნიკურ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარადგენს
პოლონეთის ხელისუფლება სმოლენსკის ავიაკატასტროფის შესახებ ტექნიკურ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარადგენს

პოლონეთის ხელისუფლება უახლოეს დღეებში სმოლენსკის ავიაკატასტროფის შესახებ ტექნიკურ ანგარიშს წარადგენს, საბოლოო ანგარიში კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული კომისიის თავმჯდომარემ, ანტონი მაცერევიჩმა ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

„საავიაციო კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის გამო, საბოლოო ანგარიშის წარდგენა მათი სამუშაოს დასრულებამდე შეუძლებელია. ამას გარდა, ჯერ არ არის ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული ექსპერტიზების საბოლოო შედეგი. ეს ასევე ხანგრძლივი პროცესია“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

2018 წლის იანვარში, სმოლენსკის ავიაკატასტროფის საქმეზე მომუშავე კომისიის სხდომაზე, საავიაციო ინციდენტების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის, ფრენკ ტეილორის ანგარიში წარადგინეს. ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ტრაგედიის პირველად ვერსიას. მისი შეფასებით, თვითმფრინავის მარცხენა ფრთა შიდა აფეთქებამ დააზიანა.

2017 წლის ოქტომბერში, ანტონი მაცერევიჩმა, რომელიც მაშინ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, განაცხადა, რომ ბორტჩამწერთა ანალიზის შედეგად, დადგინდა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის აფეთქების მომენტი.

2010 წლის 10 აპრილს თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა, სმოლენსკის აეროდრომთან კატასტროფა განიცადა.

ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა. პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიალზე მიემგზავრებოდა.

ავიაკატასტროფის პირველადი გამოძიების შედეგად, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეკიპაჟი თვითმფრინავის დასმას ნისლში ცდილობდა, რა დროსაც მისი ფრთა ხეს გამოედო.

2015 წელს პოლონეთის ხელისუფლებაში მოსულმა “კონსერვატიულმა პარტიამ” 2010 წლის ავიაკატასტროფის ხელახალი გამოძიება დაიწყო.