პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი - პოლონეთმა არმია სრულმასშტაბიანი კონფლიქტისთვის უნდა მოამზადოს
პოლონეთმა არმია სრულმასშტაბიანი კონფლიქტისთვის უნდა მოამზადოს, – ამის შესახებ პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, ვესლავ კუკულამ განაცხადა.
„როიტერის“ ცნობით, პოლონეთის ურთიერთობები რუსეთსა და მის მოკავშირე ბელარუსთან მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს მეზობელ უკრაინაში ათიათასობით ჯარისკაცით შეიჭრა.
„ეს გვაიძულებს, ვიპოვოთ კარგი ბალანსი სასაზღვრო მისიასა და ჯარში მომზადების ინტენსივობის შენარჩუნებას შორის“, – აღნიშნა პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა.
ვარშავამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ გაზარდა თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 4 პროცენტამდე. პოლონეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გასული წლის ბოლოს დაახლოებით 190 000 იყო, მათ შორის სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, სპეცრაზმი და ტერიტორიული თავდაცვის ძალები. პოლონეთი გეგმავს ამ რაოდენობის 300 000-მდე გაზრდას რამდენიმე წელიწადში.