პოლონეთი და ნატო არ აპირებენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას
პოლონეთი და ნატო არ აპირებენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, უკვე მიიღო თუ არა უკრაინამ მოთხოვნილი ავიაგამანადგურებლები ან შესაძლებელი იქნება თუ არა ნატო-ს საჰაერო ბაზების გამოყენება, ლიდერები აცხადებენ, რომ ნატო უკრაინის მიმართ სოლიდარულია, თუმცა ის კონფლიქტის მხარე არ არის.
„ნატო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს სერიოზული საფასური დააკისრეს უკრაინაში მისი სრულიად გაუმართლებელი და უგუნური შეჭრისთვის. ჩვენ რუსეთსაც და ბელარუსსაც პასუხს ვაგებინებთ იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობით. ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს მკაცრი სანქციების განხორციელებით საფასური დააკისრეს. ჩვენ სატელეფონო საუბრისას რეალურად განვიხილეთ ეს სანქციები პრეზიდენტ ბაიდენთან და პრეზიდენტ დუდასთან, ნატო-ს სხვა ლიდერებთან და ევროკავშირთან. ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას: მატერიალურ, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას უკრაინისთვის, ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ ნატო არ უნდა იყოს კონფლიქტის ნაწილი. ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში ან თვითმფრინავების გადაყვანას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.
თავის მხრივ, განცხადება გააკეთა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამაც.
„როგორც გენერალურმა მდივანმა თქვა, ჩვენ არ ვაგზავნით გამანადგურებლებს უკრაინაში, რადგან ეს გამოიწვევს სამხედრო ჩარევას უკრაინის კონფლიქტში. ჩვენ არ ვუერთდებით ამ კონფლიქტს. ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს ჰუმანატარული დახმარებით, თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ ავიაგამანადგურებლების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.