პოლონელის ფერმერების მიერ უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს, ევროკომისიის ჩართულობით, დიალოგისკენ მოუწოდა
პოლონელის ფერმერების მიერ უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირების გამო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს, ევროკომისიის ჩართულობით, დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მან უკრაინულ და პოლონურ ენებზე გაავრცელა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან მთავრობის წევრებს დაავალა, უახლოეს დროში, 24 თებერვლამდე იყვნენ უკრაინასა და პოლონეთს შორის საზღვარზე.
„გთხოვთ, თქვენ, დონალდ (ტუსკი), ბატონო პრემიერ-მინისტრო, ასევე ჩამოხვიდეთ საზღვარზე. ანჟეი, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ დიალოგს. ეს არის ეროვნული უსაფრთხოება. ეს არ უნდა გავაჭიანუროთ. უახლოესი დღეები ამის გაკეთების შანსს გვაძლევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, ასევე ჩავიდეს საზღვარზე უკრაინის მთავრობასთან ერთად.
უკრაინის ლიდერმა ასევე ევროკომისიას მიმართა, რომ პოლონურ მხარესთან მოლაპარაკებებში ევროკომისიის წარმომადგენელიც ჩაერთოს.
„ახლა მინდა, მივმართო ევროკომისიას: საჭიროა ევროპაში ერთიანობის შენარჩუნება; ეს არის ევროკავშირის ფუნდამენტური ინტერესი. ამიტომ უკრაინა მიმართავს ევროკომისიას, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს ევროკომისიის წარმომადგენელმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა პოლონურ ენაზე დაასრულა.
„კმარა ჩვენს მიწებზე მოსკოვი. კმარა გაუგებრობები. არ შეიძლება ერთმანეთის დამცირება, არ შეიძლება არც უკრაინელი და არც პოლონელი ფერმერების დამცირება. ჩვენ ერთიანობა გვჭირდება. ჩვენ გადაწყვეტილება გვჭირდება – უკრაინასა და პოლონეთს შორის და მთელი ევროპისთვის“, – ამბობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ პოლონელ ფერმერებს უკრაინის საზღვარზე ბლოკირებული აქვთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტები.