პოლონელი ევროპარლამენტარი - ჩვენი შეხედულებით, ენტონი ბლინკენი არის პერსონა ნონ გრატა ვარშავაში, ბლინკენ, წადი სახლში, რაც შეიძლება მალე
ჩვენი შეხედულებით, ენტონი ბლინკენი არის პერსონა ნონ გრატა ვარშავაში. ბლინკენ, წადი სახლში, რაც შეიძლება მალე. დაიკარგე, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ულტრამემარჯვენე პარტიის, „პოლონეთის გვირგვინის კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, გჟეგორ ბრაუნმა სეიმში თანაპარტიელებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბრაუნის განცხადებით, „იმპერიალისტები თავიანთ დიდ თამაშებს პოლონელებისა და უკრაინელების ხარჯზე თამაშობენ“. მისი მტკიცებით, ამ დიდ თამაშში პოლონეთს პაიკად იყენებენ.
როგორც პოლონელმა დეპუტატმა აღნიშნა, ვარშავა არ უნდა დაემორჩილოს ვაშინგტონის, ლონდონისა და სხვა დედაქალაქების დირექტივებს.
„ჩვენი შეხედულებით, ენტონი ბლინკენი არის პერსონა ნონ გრატა ვარშავაში. ბლინკენ, წადი სახლში, რაც შეიძლება მალე. დაიკარგე! ჩვენ არ გვინდა თქვენი აქ ყოფნა. ჩვენ არ გვსურს, რომ პოლონელი ხალხი იხდიდეს და იღუპებოდეს თქვენს ომებში“, – განაცხადა პოლონელმა კანონმდებელმა სეიმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე პარტიის წევრმა, რომან ფრიცმა განაცხადა, რომ აშშ არის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ბენეფიციარი, რადგან იარაღის გაყიდვით იღებს სარგებელს ისე, რომ არცერთი სამხედრო არ დაუკარგავს. მან მსოფლიო ლიდერებს სამშვიდობო მოლაპარაკებების გააქტიურებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ ლემი პოლონეთში გუშინ იმყოფებოდნენ. პოლონეთში ისინი უკრაინიდან ჩავიდნენ.