პოლონელი და რუმინელი ფერმერები უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ
პოლონელი და რუმინელი ფერმერები უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვარზე შეიკრიბნენ და სასაზღვრო გამშვები პუნქტის სამი დღით ბლოკირებით დაიმუქრნენ, ვიდრე პოლონეთში უკრაინული მარცვლეულის შეტანასთან დაკავშირებული საკითხი არ დარეგულირდება.
პოლონელი ფერმერები აცხადებენ, რომ უკრაინული მარცვლეულის დიდი ნაწილი, ტრანზიტის ნაცვლად, პოლონეთში რჩება, რამაც ადგილობრივი მარცვლეულის გაუფასურება გამოიწვია. აღნიშნულის გამო, უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა, ხოლო პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰენრი კოვალჩიკმა თანამდებობა დატოვა.
ამასთან, როგორც პოლონური მედია წერს, პოლონეთის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი რობერტ ტელუსი ჩავიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც უკრაინელ კოლეგასთან განიხილა პოლონეთში უკრაინული მარცვლეულის შეტანასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, საუბარია ხორბალზე, სიმინდსა და მზესუმზირაზე.
რობერტ ტელუსის თქმით, უკრაინამ მზადყოფნა გამოთქვა, ამ ეტაპზე შეაჩეროს მარცვლეულის ექსპორტი პოლონეთში, შემდეგ კი, მკვეთრად შეამციროს მისი ექსპორტი და მკაცრად გააკონტროლოს ეს პროცესი, რათა უკრაინული მარცვლეული, რომლის ტრანზიტი ხდება, პოლონეთში აღარ დარჩეს.
„უკრაინა თანახმაა, დროებით შეაჩეროს პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტი, თუმცა არა – ტრანზიტი“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ანალოგიური პრობლემა ასევე აქვთ რუმინელ ფერმერებსაც. მათი პროტესტის გამო, უკრაინის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტვირთების გაფორმება დროებით შეჩერდა.
ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტმა უკმაყოფილება გამოიწვია ბულგარეთშიც.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროკომისიამ დააანონსა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შედეგად დაზარალებული ევროპელი ფერმერებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი, რომლის მოცულობაც დაახლოებით 75 მილიონი ევრო იქნება.