პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურად დაინიშნა
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც ესწრებოდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.
უწყების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა, სადაც აპატურაი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები გაცილებით გამოცდილი, კარგად გაწვრთნილი, კარგად აღჭურვილი და უფრო თავსებადია, ვიდრე 10 წლის წინ.
ლევან იზორიამ ყოფილ აღმოსავლეთ სარდალს ბრიგადის გენერალ შავლეგო ტაბატაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახლად დანიშნულ სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობს.