პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი - მერკელს არ სურს, სამომავლოდ რუსული სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა საბჭოში მოუწიოს ადგილის ძებნა
პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი - მერკელს არ სურს, სამომავლოდ რუსული სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა საბჭოში მოუწიოს ადგილის ძებნა

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნინოვიჩოკის“ ნერვული აგენტის მსგავსი შხამით მოწამლეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ქიმიური შხამის კვალი იმ ბოთლზეც აღმოჩნდა, რომლიდანაც ნავალნი სვამდა. ტესტები გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩაატარეს. ალექსეი ნავალნის მოწამვლის საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა ნატო-მ, ხოლო ევროკავშირში მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არ გამორიცხეს. თავად რუსი ოპოზიციონერი ამჟამად ბერლინის საავადმყოფოში იმყოფება. ამ თემაზე ვესაუბრეთ რუს პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის.

– როგორ ფიქრობთ, ნავალნის მოწამვლა მის მიერ ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებებს უკავშირდება, თუ რუსეთში დაგეგმილ არჩევნებს? რა თქმა უნდა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება კრემლისთვისაც მოულოდნელი სიურპრიზი იყო ოპოზიციონერის მოწამვლა?

პრინციპში ყველაფერი შესაძლებელია. ეს შეიძლება კრემლისთვის მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზი ყოფილიყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს იქნებოდა მაჩვენებელი, რომ კრემლი რუსეთში სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. მომხდარს ცალსახად შეიძლება ვუწოდოთ ალექსეი ნავალნისა და რუსეთის ოპოზიციის  წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი. ის კი, ვისაც მსგავსი აქტების განხორციელება შეუძლია, ქვეყანაში სიტუაციას უნდა ფლობდეს, თუნდაც ეს არ იყოს ვლადიმერ პუტინი და იყოს სხვა პირი. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რომელიღაც რეგიონულმა დაჯგუფებამ ნავალნის განადგურება სცადა და ეს უკავშირდებოდა ოპოზიციონერის მიერ კონკრეტული ჯგუფის ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესების შესახებ ჩატარებულ გამოძიებას. მაგრამ მაშინ უნდა ვთქვათ, რომ კრემლი ამ კონკრეტულ რეგიონს ვეღარ აკონტროლებს.

რაც შეეხება მიზეზებს, ჩემი აზრით, ამ თავდასხმის მოტივი იყო ნავალნის ქმედებები, რომელმაც ბოლო პერიოდში ანტიკორუფციულ გამოძიებებს პოლიტიკური აქტივობა შეუთავსა. რეგიონებში ეს ტაქტიკა ძალიან კარგად მუშაობდა. როგორც ნავალნის მიერ გადაღებული საგამოძიებო ფილმებიდან ჩანს, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის თანხვედრაშია. ცხადია, კრემლში ძალიან აწუხებდათ ალექსეი ნავალნის ასეთი გადაადგილებები და მისი მცდელობა, შეექმნა არაფორმალური პოლიტიკური პარტია. მოდით, განვმარტოთ, საქმე ეხება ნავალნის ტაქტიკას, რომელსაც ის „ჭკვიან ხმის მიცემას“ ეძახდა, რომელიც ასეთია – თავად ნავალნის პარტიის დარეგისტრირების ან სხვა პოლიტიკურ ძალასთან კოალიციაში შესვლის საშუალება არ ჰქონდა. მასთან კავშირის ყველას ეშინოდა, რადგან კრემლთან საქმის დაჭერა არავის სურდა, ამიტომ ნავალნი ეძებდა კონკრეტულ კანდიდატებს და მათთან ერთად საერთო სისტემას ქმნიდა. წინასაარჩევნოდ გამოქვეყნდებოდა ამ კანდიდატების სია და შეიძლებოდა იმის თქმა, რომ რეალურად ეს ადამიანები ერთი პარტიის წევრები არიან, თუმცა ქაღალდზე პარტია არ არსებობს. თუ გავითვალისწინებით, რომ რუსეთის დუმის არჩევნები ერთ წელიწადში უნდა გაიმართოს და კრემლი საარჩევნო სისტემის შეცვლას არ აპირებს, რაც ნიშნავს, რომ კენჭისყრა მაჟორიტარული სისტემით გაიმართება, მაშინ თეორიულად ადგილების ნახევარი შეიძლება ოპოზიციამ დაიკავოს. კრემლს ამის ეშინია და ამ პრობლემის გადასაჭრელ მექანიზმზე მუშაობს, ამიტომ ნავალნის მოწამვლა კრემლის პოლიტიკურ ინტერესებში იყო.

– დასავლეთში ნავალნის მოწამვლაზე ხისტი რეაქცია ჰქონდათ. თქვენი მოსაზრებით, მოსკოვს სანქციებს დაუწესებენ, თუ ყველაფერი კრიტიკული შენიშვნებით დასრულდება?

სანქციები იქნება, ისევე, როგორც იყო ბელარუსის შემთხვევაში. ეს სანქციები იქნება მიმართული კონკრეტული პოლიტიკური ან ადმინისტრაციული პირების წინააღმდეგ. თავდაპირველად გამოაცხადებენ, რომ რუსეთმა უნდა ჩაატაროს ნავალნის მოწამვლის გამოძიება, თუ მოსკოვი ამას არ იზამს, მაშინ ამ გამოძიების ჩატარება ევროკავშირს ან გერმანიას მოუწევს. სავარაუდოდ, ეს გამოძიება დაიწყება ნავალნის ოჯახის წევრების მოთხოვნით, რათა ეს იურიდიულად კორექტული იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ სანქციებს. რუსეთს სერიოზულ დარტყმას ეს შეზღუდვები ვერ მიაყენებს და კრემლიც ამას სერიოზულად არ მიუდგება.

– ბევრს საუბრობენ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე? თქვენი აზრით, ეს შესაძლებელია?

ვფიქრობ, ამ პროექტის გაჩერება ან განხორციელებაზე უარის თქმა პრაქტიკულად გამორიცხულია. ჩემი აზრით, ანგელა მერკელმა სწორედ ამის გამო აიღო საკუთარ თავზე ნავალნის დაცვის ტვირთი, რათა გერმანიის კანცლერი ორ ფრონტს შორის არ მოქცეულიყო. ერთი მხრივ, მერკელი ცდილობს შეინარჩუნოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რადგან მისი კანცლერობის დროს ის ამ პროექტს მუდამ ლობირებდა და მასზე უარის თქმას არ აპირებს, მეორე მხრივ კი, მერკელს არ სურს, რომ მას რუსეთის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდნენ. მერკელს არ სურს გერჰარდ შრედერის როლში აღმოჩენა, მერკელს არ უნდა, რომ გერმანიის კანცლერის პოსტიდან წასვლის შემდეგ, რომელიმე რუსული სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა საბჭოში მოუწიოს ადგილის ძებნა. მას ასეთი გეგმები არ აქვს, ამიტომ მერკელი ცდილობს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და ნავალნის ადვოკატი ერთდროულად იყოს. გარდა ამისა, გერმანიაში ძალზედ აღიზიანებთ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ხისტი ზეწოლა, რაც მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს არ უკავშირდება. უბრალოდ, ეს გაზსადენი სიმბოლური პროექტია, რომლის თაობაზეც გერმანიას და აშშ-ს, დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისთვის ბრძოლა აქვთ გამართული. ვფიქრობ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი შენარჩუნდება, თუმცა რეალურად შესაძლებელია თუ არა მისი ბოლომდე მიყვანა, ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. მაქვს შეგრძნება, რომ რეალურად ამ პროექტს დასრულება არ უწერია.

– რა რეაქცია აქვთ რუსეთში? მოწამლეს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე? ეს ფაქტი ხალხს არ აშინებს? აღშფოთებას არ იწვევს?

რუსეთში ადამიანის სიცოცხლე ბოლო წლებში გაუფასურდა, ამიტომ ვინმეს მკვლელობა შოკში აღარავის აგდებს. მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირიც აღარავის უკვირს. ამის ნათელი მაგალითია კრემლის მომხრეები, რომლებიც ამბობენ, ნავალნის მოწამვლა პუტინს არ აწყობდა, ამიტომ მას ეს არ გაუკეთებია. ანუ ის, რომ პუტინს ადამიანის მკვლელობის ბრძანების გაცემა შეეძლო, მათ გაკვირვებას არ იწვევს. ისინი ამბობენ, რომ პუტინს შეეძლო ნავალნის მოკვლა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. რაც შეეხება ოპოზიციას და კონკრეტულად ნავალნის მხარდამჭერებს, მაქვს შეგრძნება, რომ ისინი ნამდვილად შოკში იმყოფებიან. ისინი შეჩვეულები არიან, რომ ნავალნი მათ შთააგონებს და მეთაურობს. რუსეთში მოძრაობაც კი გაჩნდა, რომლის წევრებსაც „ნავალნისტებს“ ეძახიან. ახლა ამ ხალხმა დაკარგა ლიდერი და სწორედ ამას უკავშირდება, რომ მათ აქციებიც კი არ გაუმართავთ. ისინი გაირინდნენ და ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს ელოდებიან.

– და ბოლოს მინდა გკითხოთ, ხაბაროვსკში საპროტესტო აქციებზე, დემონსტრაციები ივლისიდან გრძელდება. როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ კრემლს რეგიონებში პრობლემები ელოდება?

აქციები ხაბაროვსკში უკვე ორი თვეა გრძელდება. დიახ, ხაბაროვსკის მხარეში შექმნილი მდგომარეობა, რუსეთში არსებულ საერთო სურათს გამოხატავს. მეორე საკითხია, რომ ხაბაროვსკში მიტინგებს კონკრეტული მიზეზი აქვს. საქმე ეხება კრემლის ზეწოლის მიუხედავად, ხალხის მიერ არჩეული გუბერნატორის დაპატიმრებას. რაც შეეხება დანარჩენ რუსეთს, სიტუაცია მართლაც რთულია, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილოთა და აქციებზე გასვლის მსურველი მოქალაქეების რიცხვი მზარდია. სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთში ძალიან კარგად ესმით, რას აპროტესტებენ ხაბაროვსკში და ხალხი მათ სოლიდარობას უცხადებს. თუმცა, სხვა რეგიონებში გამაღიზიანებელი ფაქტორები არ აქვთ. ასეთ ფაქტორად შეიძლება იქცეს უახლოესი არჩევნები. მაგალითად, არხანგელსკში, სადაც გუბერნატორად კენჭისყრის უფლება ოპოზიციონერ კანდიდატებს არ მისცეს. ამას უნდა დავუმატოთ ის ფაქტიც, რომ არხანგელსკში ბოლო პერიოდში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომლებიც მომიტინგეთა გამარჯვებით დასრულდა. პროტესტის მონაწილეთა ბირთვი აქტიურია და ეკოლოგიურ საკითხებზე უკმაყოფილების გამოთქმიდან, პოლიტიკურ თემებზე გადასვლა სრულიად შესაძლებელია. ანალოგიური სიტუაციაა რუსეთის სხვა რეგიონებში. არჩევნებმა შეიძლება გამოიწვიოს საპროტესტო აქციების ახალი ტალღა რუსეთში. ვფიქრობ, ხაბაროვსკში მიმდინარე მიტინგების მსგავსი წლის ბოლომდე შესაძლოა, 10-15 რეგიონში ვიხილოთ. როგორც ხაბაროვსკის მაგალითზე ვნახეთ, რუსეთის ფედერალურ მთავრობას არ აქვს ინსტრუმენტები რეგიონებში ამ მასშტაბის აქტივობის ჩასახშობად. თუ დიდ ქალაქებში აქციების ხისტად ჩახშობის მექანიზმი არსებობს, რეგიონებში ფედერალური მთავრობა ამას ვერ აკეთებს, რადგან ხშირად ადგილობრივი სამართალდამცველების ლოიალურობაშიც კი ეჭვი ეპარებათ, ამიტომ ისინი ძალის გამოყენებას არ რისკავენ.