პოლიტიკურმა მოძრაობამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამომრჩეველს ქართული საპატრულო პოლიციის რეფორმის პროექტი წარუდგინა
პოლიტიკური მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამომრჩეველს ქართული საპატრულო პოლიციის რეფორმის პროექტი წარუდგინა.
მისი თქმით, პარტიის წინასაარჩვენო პროგრამაში ძალოვანი სტრუქტურის ძირეული ცვლილებები პრიორიტეტულია.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ საპატრულო პოლიციის რეფორმა, ამერიკული მოდელის, დეპოლიტიზირებული პოლიციის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
„პარტიაში მიიჩნევენ, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს პოლიციისთვის მოტივაციის გაზრდას, რათა პოლიციელებმა დამსახურებულად და საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანებად იგრძნონ თავი. ჩვენი მოდელი მოიცავს ამერიკული მოდელის საპოლიციო სისტემას, ანუ პირდაპირ არჩეული საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელები რაიონის დონეზე და ცენტრალური საგამოძიებო ბიურო, როგორიც არის „ეფბიაი“ (FBI) ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეორე კომპონენტი არის პოლიციელების მატერიალური უზრუნველყოფა. 2020 წელს, პოლიციელის ხელფასი მინიმუმ 500 ლარით უნდა გავზარდოთ, რათა პოლიციელმა თავი იგრძნოს უზრუნველყოფილად და ებრძოლოს დანაშაულს, კრიმინალს“, – განაცხადა ვაშაძემ.