პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირთა ფინანსურ მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს
პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირთა ფინანსურ მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს

პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირთა ფინანსურ მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. შესაბამისი ცვლილებები იმ კანონპროექტში შედის, რომელიც საქართველოში ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს.

მოქმედი კანონით, ზემოთ აღნიშნული უფლებამოსილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობის პირებს, საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის მოუწევთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა.

სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციად განისაზღვრა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შევსება-ჩაბარების კონტროლის, შენახვის, მონიტორინგის, საჯაროობისა და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება, რასაც, ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციების გაფართოებასთან დაკავშირებული სიახლე სრულად პასუხობს ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციას და აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებსა და წინადადებებს.