„პოლიტიკო“ წერს, რომ ჩინეთის დელეგაციამ დავოსში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვა, ზელენსკის განცხადებით კი, შეხვედრა დავოსში სი ძინპინის არყოფნის გამო ვერ შედგა
უკრაინელ ლიდერებს შვეიცარიაში ჩინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრა სურდათ, თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის დელეგაციის ვიზიტი სასურველი შეხვედრის გარეშე დასრულდა. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ეს კიევისთვის დარტყმა იყო.
ჯერ კიდევ დავოსის ეკონომიკურ ფორუმამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მიანიშნებდა, რომ ზელენსკის დავოსში ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან საუბრის შესაძლებლობა ექნებოდა. საბოლოოდ, ზელენსკისა და ლის შორის მოლაპარაკებები არ შედგა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ჩინეთის გადაწყვეტილება, არ შეხვედროდა უკრაინის წარმომადგენლებს, მიზანმიმართულს ჰგავდა და არა განრიგის პრობლემების შედეგად გამოწვეულს. გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ პეკინმა უარყო კიევის თხოვნა შეხვედრაზე. კიდევ ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა კი აღნიშნა, რომ ჩინეთმა უარი თქვა შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოუწოდა მას უკრაინასთან დიპლომატიური კონტაქტების გაწყვეტისკენ.
გამოცემასთან საუბარში უკრაინელმა მაღალჩინოსანმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ჩინეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა დავოსში უკრაინის დელეგაციის განრიგში გათვალისწინებული არ ყოფილა და კიევს ამის შესახებ არასდროს უთხოვია. ჩინელმა მაღალჩინოსანმა კი ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
თავად ზელენსკიმ დავოსში ყოფნისას განაცხადა, რომ ის მიისწრაფვის ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრისკენ. ზელენსკის თქმით, არ შეხვდა სი ძინპინს, რადგან ის დავოსში არ ჩავიდა. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩინეთის პრემიერთან, ლი ციანთან შესახვედრად მზად არის უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი.
„მე სიხარულით შევხვდები ჩინეთის ლიდერს და რამდენადაც ვიცი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინია. ის არის გადაწყვეტილებების მიმღები პირი. მე ვარ უკრაინაში გადაწყვეტილებების მიმღები. სინამდვილეში, ჩვენი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს, მათ მე ხმა მომცეს. ახლა მე ვარ მენეჯერი. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შევადარებთ, საქმე ეხება იმას, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ქვეყნებში. მე არ მჭირდება რამე დიალოგები. მე მჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათგან, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვინდა, ისინი „მშვიდობის ფორმულაში“ და მშვიდობის სამიტში ჩავრთოთ. ჩვენ ისინი მსოფლიოს სწორ მხარეს გვჭირდება. სწორედ ამიტომ, მე მსურს მასთან შეხვედრა“, – განაცხადა ზელენსკიმ.