„პოლიტიკო“ - ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმა, ომის დროს კორუფცია ღალატთან გაათანაბროს, უკრაინის ანტიკორუფციულ უწყებებში უარყოფით რეაქციას იწვევს
გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გეგმა, ომის დროს კორუფცია ღალატთან გაათანაბროს, უარყოფით რეაქციას იწვევს მარეგულირებლების მხრიდან. გამოცემის ცნობით, მარეგულირებლები ამბობენ, რომ ამ გეგმამ შესაძლოა, უკრაინის მთავარი ანტიკორუფციული უწყებების საქმიანობა შეაფერხოს.
გამოცემასთან საუბრისას ორი მაღალჩინოსანი, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, ამბობს, რომ უკრაინის ანტიკორუფციულ უწყებებში შეშფოთება იზრდება, რადგან მიიჩნევენ, რომ ზელენსკის გეგმა მათი ზედამხვედველობიდან გამოიყვანს მაღალი დონის კორუფციულ საქმეებს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გადასცემს, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს კი პოტენციურად, შესაძლოა, ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ კორუფციული საქმეები, რომლებშიც უმაღლესი თანამდებობის პირები არიან გახვეული, არ გაახმაუროს, ეს კი საფრთხის ქვეშ დააყენებს ანტიკორუფციულ ინფრასტრუქტურას.
„კორუფციის ღალატთან გათანაბრებით, ზელენსკის ოფისი მანიპულირებს საზოგადოების მხრიდან სამართლიანობის სურვილით“ , – აცხადებს უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ანტიკორუფციული სამოქმედო ცენტრის“ ხელმძღვანელი ვიტალი შაბუნინი.
მისი თქმით, რეალურად, ზელენსკი სხვა გეგმის განხორციელებას ცდილობს, რომ მოიპოვოს ინსტრუმენტები ოპონეტების გასანადგურებლად.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს იმავე საქმეებს, რასაც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ოფისისთვის სენსიტიურ საქმეებში მტკიცებულებები განადგურდება. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, ტატაროვის საქმე უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა, ის იქ ჩაიმარხა. ახლა პრეზიდენტის ოფისს სურს, ეს პრაქტიკაში შემოიღოს“, – აცხადებს შაბუნინი.
ამასთან, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა გამოცემა „პოლიტიკოს“ განუცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივები ანტიკორუფციულ ინფრასტრუქტურას და მის ეფექტიანობას გააძლიერებს.
„პრეზიდენტი იწყებს ამ დისკუსიას, რათა მასობრივ ცნობიერებაში მკაფიო, „თანაბარი“ ნიშანი გააჩინოს ომის დროს ჩადენილ კორუფციასა და ღალატს შორის. კორუფციულ დანაშაულებზე სასჯელის გამკაცრება და კორუფციაში ბრალდებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესაძლებლობის გაუქმება მისი განზრახვების სერიოზულობის დემონსტრირებაა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.