„პოლიტიკო“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ გავლენას საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს
გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ „ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ცდილობს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს“.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპა არ არის საკმარისად მზად, გაუმკლავდეს რუსეთის მსგავსი მტრების ჩარევას.
ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ფონ დერ ლაიენმა დანიაში წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპული დემოკრატიის დასაცავად საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ. ოთხშაბათს კი მან ევროკომისრებს მიმართა და გააფრთხილა, რომ მოსალოდნელია დეზინფორმაციული და ჰაკერული შემოტევები.
„გვსურს თუ არა ძლიერი ევროპა, რომელიც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისა და დემოკრატიისთვის? ან, მეორე მხრივ, ვაძლევთ თუ არა ჩვენი დემოკრატიების მიტაცების უფლებას ავტორიტარებსა და მარიონეტებს?“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ის შექმნის „ევროპული დემოკრატიის ფარს“, რათა უცხოურ ჩარევებს შეებრძოლოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი საფრთხეებისთვის ევროპა საკმარისად დაცული და ორგანიზებული არ არის და არ შეუძლია, სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოურ ჩარევას.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კიბერშეტევების შემთხვევები გაიზარდა, მათ შორის, საკუთარ საარჩევნო ვებსაიტებზეც.
„ხელოვნური ინტელექტი (AI) ახლა საშუალებას იძლევა, შექმნას წარმოუდგენლად რეალისტური „ფეიქი“, რომელსაც შეუძლია, დესტაბილიზაციის გამომწვევი როლი იქონიოს საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნა მან.
„პოლიტიკო“ წერს, რომ გეგმა, რომელიც ფონ დერ ლაიენმა მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში წამოაყენა, მოიცავს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროპული განყოფილების შექმნას.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები ასევე ემზადებიან ერთობლივი რეაგირების ჯგუფების შესაქმნელად, რომლებიც ფოკუსირდებიან ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის, დივერსიასა და ინფორმაცით მანიპულაციაზე.