„პოლიტიკო“ - საფრანგეთი მკაცრია უკრაინაზე საუბრისას, თუმცა სულ უფრო მეტ რუსულ გაზს ყიდულობს, მიმდინარე წელს მოსკოვს 600 მილიონი ევრო გადაუხადა
„პოლიტიკო“ - საფრანგეთი მკაცრია უკრაინაზე საუბრისას, თუმცა სულ უფრო მეტ რუსულ გაზს ყიდულობს, მიმდინარე წელს მოსკოვს 600 მილიონი ევრო გადაუხადა

საფრანგეთი მკაცრია უკრაინაზე საუბრისას, თუმცა სულ უფრო მეტ რუსულ გაზს ყიდულობს და მიმდინარე წელს მოსკოვს 600 მილიონი ევრო გადაუხადა, – ამის შესახებ აღნიშნულია „პოლიტიკოს“ სტატიაში.

გამოცემა „ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის“ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, გასულ წელთან შედარებით, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება საფრანგეთში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

„არ შეიძლება, საფრანგეთი, ერთი მხრივ, ამბობდეს, რომ რუსეთთან მკაცრი უნდა ვიყოთ და, მეორე მხრივ, დიდ ფულს უხდიდეს მათ“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატმა.

„პოლიტიკოს“ თანახმად, საფრანგეთი ამტკიცებს, რომ მისი გაზის შესყიდვები აუცილებელია ევროპის მასშტაბით მიწოდების შესანარჩუნებლად და რომ იგი ჩაკეტილია რუსეთთან გრძელვადიან შეთანხმებაში, საიდანაც გამოსვლა იურიდიულად რთულია. მაგრამ კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ საფრანგეთის უმოქმედობა ნაწილობრივ გამოწვეულია ქვეყნის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის, „ტოტალ ენერჯის“ წინააღმდეგობით.

„პოლიტიკო“ წერს, რომ საფრანგეთი არ არის ერთადერთი, რადგან ევროკავშირის, სულ მცირე, ცხრა ქვეყანა აგრძელებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ყიდვას. ბელგია, ესპანეთი და ნიდერლანდები არიან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის სამი უმსხვილესი მყიდველი საფრანგეთის შემდეგ. ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი „ტოტალ ენერჯი“ ციმბირში ფლობს 20-პროცენტიან წილს „იამალის“ პროექტში, რომელიც უმეტესწილად ეკუთვნის რუსულ კერძო ენერგეტიკულ კომპანია „ნოვატეკს“. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით, ფრანგული ფირმა იძულებულია, 2032 წლამდე განაგრძოს ობიექტიდან ყოველწლიურად, მინიმუმ, 4 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის ყიდვა. საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის „საკითხი არ ეხება „ტოტალ ენერჯის“ კონტრაქტს ან საქმიანობას, არამედ მთელი ევროკავშირისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობასა და რისკებს“.