„პოლიტიკო“ - საბოლოოდ, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავებს არ გააგზავნიან
„პოლიტიკო“ – საბოლოოდ, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავებს არ გააგზავნიან, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, პოლონეთში სამშაბათს განაცხადეს, რომ ქვეყანა „არ გაგზავნის საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინაში“ და ეს იყო უკანასკნელი სიახლე ევროკავშირის სახელმწიფოების მსგავსი „უარყოფების სერიიდან“, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს არსებულ „დაბნეულობას“ იმის თაობაზე, თუ რას მოიცავს ევროპული გაერთიანების ახალი სამხედრო მხარდაჭერა ოფიციალური კიევისთვის.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ პოლონეთის გარდა, ბულგარეთისა და სლოვაკეთის მთავრობებმა აგრეთვე გამორიცხეს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება უკრაინისთვის.
„ამის პარალელურად, უკრაინელი ოფიციალური პირი ამტკიცებდა, რომ ორშაბათს, უკრაინელმა მფრინავებმა ქვეყანა დატოვეს ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ გადაცემული თვითმფრინავების მისაღებად.
ორშაბათს საღამოს უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პილოტები პოლონეთში ჩავიდნენ, რათა ევროკავშირის პარტნიორებისგან მიეღოთ სამხედრო თვითმფრინავები. ეს თვითმფრინავები საბჭოთა პერიოდის საფრენი აპარატებია, მათ შორის MiG-29-ები, რომელთა გამოსაყენებლად უკრაინელი პილოტები უკვე გაწვრთნილები არიან. საფრენი აპარატების გადაცემის საკითხზე უკრაინის პარლამენტმა შემოწირულობების სპეციფიკაც კი დააკონკრეტა: „ევროპა 70 ერთეულ საბრძოლო თვითმფრინავს აგზავნის, მათ შორის 28 ერთეულ MiG-29-ს პოლონეთიდან, 12 ერთეულ MiG-29-ს სლოვაკეთიდან და 16 ერთეულ MiG-29-ს ბულგარეთიდან, ასევე ბულგარეთიდან 14 ერთეულ SU-25-ებთან ერთად. „ასე არაა“, – საპასუხოდ განაცხადეს ამ ქვეყნებმა“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განმარტა, რომ მის ქვეყანას ექსპლუატაციაში მყოფი თვითმფრინავებისა და მათი ნაწილების დეფიციტი აქვს და საკმარისი გამანადგურებელი თვითმფრინავები საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად არ გააჩნია, რომ აღარაფერი ითქვას უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სამშაბათს სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა აგრეთვე უარყო ამ რაიმე სახის გადაცემა. „სლოვაკეთი უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გადასცემს“, – თქვა სპიკერმა.
„სამშაბათს ამ რიტორიკას პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდაც შეუერთდა. ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად პოლონეთში, ლასკის ავიაბაზაზე გამართული საუბრისას, დუდამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში, რადგან ეს გამოიწვევს სამხედრო ჩარევას უკრაინის კონფლიქტში.
დუდამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე მხარე არ არის, იმის პარალელურად, რომ ალიანსის რამდენიმე წევრი უკრაინას ლეტალურ იარაღს აწვდის და კრემლის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ თავის მხრივ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ საბრძოლო თვითმფრინავები „უკრაინისგან მიღებული დახმარების მოთხოვნის ნაწილი იყო“, ევროპულ გაერთიანებას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური სახსრები, რათა ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა ოფიციალურ კიევს საფრენი აპარატები „ორმხრივად“ გადასცენ.
„ევროკავშირის დიპლომატების თქმით, ბორელმა ბულგარეთს, პოლონეთსა და რუმინეთს, ევროკავშირის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ საბჭოთა ეპოქის გამანადგურებლებს, არაფორმალურად სთხოვა, შეეძლოთ თუ არა მათ კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდება.
ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა თქვა, რომ ევროპული გაერთიანების ქვეყნები „აღშფოთებულები არიან“ ბორელის საჯარო განცხადების გამო, გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე, რომელიც შეთანხმებული არ იყო“, – აღნიშნულია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
„ასეთი განცხადებების გაკეთება იმ დღეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბირთვული შეკავების ძალები „მაღალ მზადყოფნაში“ მოიყვანა, სიტუაციის შემდგომ ესკალაციას რისკის ქვეშ აყენებს“, – „პოლიტიკოს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რიგი ქვეყნები უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავდნენ, ეს გეგმები ჩაიშლებოდა მას შემდეგ, რაც ის ბორელმა გაასაჯაროა.