„პოლიტიკო“ - რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე სროლა ტრამპს თეთრ სახლამდე მისასვლელ გზას გაუადვილებს
„პოლიტიკო“ - რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე სროლა ტრამპს თეთრ სახლამდე მისასვლელ გზას გაუადვილებს

პრეზიდენტი ტრამპი გადაურჩა ამ თავდასხმას – მან ახლა მოიგო არჩევნები, – ამის შესახებ დეპუტატმა დერიკ ვან ორდენმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ მომხდარი ფაქტი გააძლიერებს დონალდ ტრამპის მიმართ მხარდაჭერას.

„ეს გაზრდის ენერგიას ყველაფერზე მეტად. მას კი, როგორც იცით, მუშტი ჰაერში ჰქონდა და არ სურდა წასვლა. ტრამპი ყვიროდა: იბრძოლეთ, იბრძოლეთ. ეს იქნება სლოგანი“, – აღნიშნა დეპუტატმა ტიმ ბურშეტმა.

„პოლიტიკო“ წერს, რომ კონგრესის ზოგიერთი რესპუბლიკელი, მაგალითად, მაიკ კოლინზი ავრცელებს უსაფუძვლო განცხადებას, რომ სროლის ბრძანება ბაიდენმა გასცა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ აპირებს სროლის შესახებ მოსმენების გამართვას, რადგან რესპუბლიკელებს შორის არის განხეთქილება იმის თაობაზე, რა მოხდა რეალურად.

„ბევრი კითხვაა და ამერიკელები პასუხებს ითხოვენ. მე უკვე დავუკავშირდი საიდუმლო სამსახურს ბრიფინგისთვის და ასევე მოვუწოდებ საიდუმლო სამსახურის დირექტორს, კიმბერლი ჩიტლს, გამოცხადდეს მოსმენაზე. სამეთვალყურეო კომიტეტი მალე გამოგიგზავნით ოფიციალურ მოწვევას“, – ნათქვამია კომერის განცხადებაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, პირობას დებს, რომ წარმომადგენელთა პალატა ჩაატარებს სრულყოფილ გამოძიებას.

„ამერიკელი ხალხი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე. ჩვენ გვეყოლება საიდუმლო სამსახურის დირექტორი კიმბერლი ჩიტლი და სხვა შესაბამისი ოფიციალური პირები მოსმენაზე ჩვენი კომიტეტების წინაშე რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, „პოლიტიკოს“ განუცხადა, რომ არსებობს ბევრი კითხვა იმის შესახებ, როგორ დაუშვა საიდუმლო სამსახურმა იარაღის მქონე პირი ტრამპის სიახლოვეს.

„როგორ დაუშვა საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტთან ასე ახლოს იარაღის მქონე ბიჭი? კონგრესმა აუცილებლად უნდა მოუწოდოს გამოძიებისკენ, რათა გაირკვეს, როგორ მოხდა ეს, როგორ მიუახლოვდა ადამიანი იარაღით აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც არის პრეზიდენტობის კანდიდატი მთავარი პარტიიდან“, – განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.