„პოლიტიკო“ - ნატო-ს ცრუ დაპირებები უკრაინელთა გაუმართლებელ იმედებს კვებავს
„პოლიტიკო“ - ნატო-ს ცრუ დაპირებები უკრაინელთა გაუმართლებელ იმედებს კვებავს

უკრაინის მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიევს ცრუ იმედით კვებავს, ნაკლებ სავარაუდოს ხდის მშვიდობას და ომს – უფრო სახიფათოს, – ამის შესახებ „პოლიტიკოს“ სტატიაშია ნათქვამი.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც ალიანსის 75-ე იუბილეს მიეძღვნა, ლიდერებმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ცრუ იმედების მორიგი რაუნდი შესთავაზეს, რაც იმაზე უარესია, ვიდრე არაფრის კეთება.

„იქნება ეს სამხედრო ვალდებულება თუ გაძლიერებული მხარდაჭერა, მტკიცება, რომ ნატო-ს შეუძლია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა ახლა ან მოგვიანებით, უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ნატო-ს წევრებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ყოველგვარი სარგებლის მიღების გარეშე“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ მასალაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2023 წელს, წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ უკრაინაში დაიწყეს გაცნობიერება, რომ ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნებას თავიანთი ძალებით ვერ შეძლებენ.

„დასავლეთის სერიოზული დახმარების მიუხედავად, კიევს გაუჭირდება, შეინარჩუნოს ის, რაც აქვს. ეს გარემოება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რათა დაასრულოს ან გაყინოს კონფლიქტი დროებითი ზავით, ვიდრე ბრძოლის ველზე ვითარება გაუარესებულა და მოლაპარაკებებისთვის სივრცე შემცირებულა.

თუმცა, სანაცვლოდ, ვაშინგტონი და ევროპული დედაქალაქები, სამწუხაროდ, კიევს აძლიერებენ, სულ მცირე, რიტორიკის დონეზე და განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ უკრაინა ოდესმე შეუერთდება ნატო-ს.

ბოლო პერიოდში აშშ-მა კიევთან ხელი მოაწერა 10-წლიან უსაფრთხოების პაქტს და უკრაინულ ძალებს ნება მისცა, გამოიყენონ ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ. ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელსაც მხარს უჭერენ ბალტიის ლიდერები, უკრაინაში ნატო-ს სახმელეთო ჯარების გაგზავნის წინადადებით გამოვიდა.

მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთის დაპირებები ფუჭი საუბარია და ამ დროისთვის უკრაინის ნატო-ში წევრობა არ განიხილება. მაკრონის წინადადება საკმაოდ არასერიოზული ჩანს, ხოლო აშშ-ის პაქტი სიმბოლური ხასიათისაა.

სისულელე იქნებოდა უკრაინის ნატო-ში მიღება ახლა ან ოდესმე.

გაწევრიანების ნებისმიერი სცენარი გადაუჭრელ დილემას წარმოადგენს: ქვეყანას ვერ მიიღებენ, ვიდრე ის რუსეთთან ომშია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს ნატო-სა და რუსეთის დაუყოვნებლივ ჩართვას ბირთვულ კრიზისში. მეტიც, მომავალში უკრაინის დაცვის ნებისმიერი ვალდებულება არ იქნება საიმედო შემაკავებელი ფაქტორი. აშშ-მა მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ არ იბრძოლებს და არ გარისკავს ბირთვული ომით უკრაინის სახელით, არც მაშინ, როდესაც სასწორზე უკრაინის გადარჩენის საკითხი დადგება, რადგან აშშ-ს სამისოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის დაინტერესება არ გააჩნია. ეს მოსაზრება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქვა.

პირველი, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ნებისმიერი პერსპექტივა, როგორი საეჭვოც არ უნდა იყოს, ომისთვის მნიშვნელოვან მიზეზს ინარჩუნებს, რაც რუსეთს აძლევს სტიმულს, გააჭიანუროს კონფლიქტი, რათა არ დაუშვას  უკრაინის გაწევრიანება. ნებისმიერი რეზოლუცია აუცილებლად იქნება დაფუძნებული პირობაზე, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატო-ს, ისე როგორც ეს იყო მოსკოვის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების პროექტების შემთხვევებში 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის მარტსა და აპრილში სტამბოლში მოლაპარაკებების დროს;

მეორე, ცრუ დაპირებები წარმოშობს ცრუ იმედს, რაც მხოლოდ მოტივაციას აძლევს უკრაინას, განაგრძოს თავისი წარუმატებელი სტრატეგია ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც მან დაკარგა, და თავი აარიდოს მოსკოვთან მოლაპარაკებებს.

ნატო-ს რიტორიკა ეხმარება გადავადდეს არა საბოლოო მშვიდობა, არამედ მისკენ პირველი ნაბიჯები,  ეს კი მოითხოვს, სულ მცირე, პოლიტიკურ ნაბიჯს იმის აღიარებისკენ, რომ ომი არ დასრულდება უკრაინისთვის სამართლიანად.

ცრუ დასავლური დაპირებები მხარს უჭერს ნაკლებად პრაქტიკულ ალტერნატივას. გარდა ამისა, მცდარი იმედები ძირითადად უკრაინაზე მოდის, რომელიც ასევე ზრდის რისკს ამერიკელებისა და ნატო-ს სხვა წევრებისთვის. რაც უფრო ჭიანურდება ომი, მით უფრო იზრდება ესკალაციის საფრთხე.

მიმდინარე კვირაში ნატო-მ განაგრძო უკრაინის მიმართ უპასუხისმგებლო პოლიტიკა: ცრუ იმედებით კვებავდა, მშვიდობას ნაკლებ სავარაუდოს ხდიდა, ხოლო ომს – უფრო საშიშს. სხვა ტიპის სამიტში, რომელიც გაჯერებული იქნებოდა რეალიზმით, მოხდებოდა აღიარება, რომ უკრაინას არ შეუძლია გამარჯვება იმ ფართო ცნებით, რომლითაც ის გამარჯვებას განსაზღვრას და რომ ნატო მას არ დაიცავს.

ეს იქნებოდა ხიდი უკრაინაში უკეთესი, გონივრული მშვიდობის პერსპექტივისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ნატო-სთვის გაუმჯობესებულ უსაფრთხოებაზე“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.