„პოლიტიკო“ - მეცოლას გამონაკლისი: ევროპარლამენტის პრეზიდენტი და მისი ლობისტი ქმარი
„მეცოლას გამონაკლისი: ევროპარლამენტის პრეზიდენტი და მისი ლობისტი ქმარი“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“ ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შესახებ.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპარლამენტში „კატარგეიტის“ კორუფციული სკანდალის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გადაწყვიტა, რომ კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო გზა გამჭვირვალობაა. მეცოლამ მხარი დაუჭირა ეთიკის ახალ კოდექსს, რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, ევროპარლამენტის წევრებისგან ინტერესთა კონფლიქტის გასაჯაროებას ითხოვს, იქნება ეს დაკავშირებული ოჯახის წევრებთან, ემოციურ ცხოვრებასთან თუ ეკონომიკურ ინტერესებთან. თუმცა, როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, თავად მეცოლამ საზოგადოებას არ შეატყობინა, რომ მისი მეუღლე უკო მეცოლა მაიამიში ბაზირებული საკრუიზო კომპანიის, Royal Carribean Group-ის მთავარი ლობისტია ევროკავშირში. აღნიშნული საკრუიზო კომპანია მსოფლიოში სიდიდით მეორეა და გარემოს მსხვილ დამბინძურებლად მიიჩნევა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ამის მიუხედავად, უკო მეცოლას სამსახური „მეტწილად შეუმჩნეველი დარჩა“ მაშინაც კი, როდესაც ის „მწვანე კანონმდებლობაზე“ ზეგავლენის მოსახდენად მუშაობდა, რომელსაც საბოლოოდ მისმა ცოლმა მოაწერა ხელი.
„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი მეცოლა ან ნებისმიერი პრეზიდენტი მსგავსი დეკლარაციის წარდგენისგან გათავისუფლებული უნდა იყოს. თუ გყავთ მეუღლე, რომელიც ჩართულია ნებისმიერი სახის ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად საქმიანობაში, რომელიც მიმართულია ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენისკენ, ასეთ შემთხვევაში ევროპარლამენტის წევრმა უნდა განაცხადოს ამის შესახებ“, – ციტირებს გამოცემა „პოლიტიკო“ ორგანიზაცია Transperency International EU-ს ხელმძღვანელს, ნიკოლას აიოსას.
„პოლიტიკო“ ასევე წერს, რომ არ არსებობს არანაირი ვარაუდი, რომ მეცოლა ჩართული იყო აღნიშნული ინფორმაციის დამალვაში. უკო მეცოლას, როგორც ლობისტს, გავლილი აქვს შესაბამისი რეგისტრაცია, რაც არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. ასევე, არ არის არანაირი მინიშნება, რომ რობერტამ დაარღვია პარლამენტის წესები, არც რაიმე მტკიცებულება, რომ მან ოფიციალური უფლებამოსილება გამოიყენა მეუღლის სახელით კანონმდებლობაზე გავლენის მოსახდენად .
ევროპარლამენტის პრეზიდენტის პრესსპიკერის, ჯიური ლაასის თქმით, ევროპარლამენტის ეთიკის კოდექსის ახალი წესები კონკრეტული პორტფელების მქონე პირებზე ვრცელდება.
„ბატონი მეცოლას დასაქმების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის წარმომქმნელად კლასიფიცირების მცდელობა არასწორია. პარლამენტის წესების თანახმად, დასაქმებულ პირთან ქორწინებაში ყოფნა არ წარმოადგენს ინტერესთა პოტენციურ კონფლიქტს“, – განაცხად ჯიური ლაასმა.