„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს

გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ეს უკავშირდება გერმანიის მმართველი კოალიციის გეგმას, შეამციროს ხარჯები.

როგორც გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი (FAZ) წერს, ახალი დახმარების გამოყოფაზე მორატორიუმი უკვე ძალაშია, ის ახალ დახმარებას შეეხება და უკვე დამტკიცებულ პაკეტებზე არ გავრცელდება.

ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთვის 5 აგვისტოს გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ დაფინანსების გამოყოფა არა გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან, არამედ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან მოხდება.

აღსანიშნავია, რომ გერმანია ევროპაში კიევისთვის სამხედრო დახმარების უმსხვილესი მიმწოდებელია.