ევროკომისიაში კოსმოსის საკითხებში კომისრის თანამდებობას, სავარაუდოდ, ანდრიუს კუბილიუსი დაიკავებს
ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, სავარაუდოდ, ევროკომისიაში უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში კომისრის თანამდებობას დაიკავებს.
ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იტყობინება. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს ინფორმაცია გამოცემის ჟურნალისტებმა ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქებში მოღვაწე მაღალჩინოსნებთან საუბრების საფუძველზე მოიპოვეს.
მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ თავდაცვის საკითხებში კომისრის ახლად შექმნილ თანამდებობაზე ცენტრალური ან აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლის დანიშვნაა მიზანშეწონილი.
კუბილიუსმა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრად ხუთ წელიწადზე მეტ ხანს იმუშავა და ეს პოსტი ორჯერ ეკავა. ის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. როგორც გამოცემა წერს, მან არაერთხელ გაუსვა ხაზი კიევისთვის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობას. კუბილიუსი ასევე გამოდიოდა მოწოდებით, უკრაინის აღდგენის ხარჯები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით დაფინანსებულიყო.