„პოლიტიკო“ - აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ ვერ ხედავს ბახმუტიდან „ვაგნერის“ უკან დახევის ნიშნებს
„პოლიტიკო“ - აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ ვერ ხედავს ბახმუტიდან „ვაგნერის“ უკან დახევის ნიშნებს

აშშ ვერ ხედავს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბახმუტიდან უკან დახევის ნიშანს, – ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადეს.

ამერიკელმა ორმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ, დანაკარგების მიუხედავად, ,„ვაგნერს“ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა უკრაინული ძალების წინსვლის შესაჩერებლად. მათივე თქმით, ევგენი პრიგოჟინის მიზანი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან დამატებითი იარაღის მიღება იყო.

ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში კომენტარი არ გააკეთეს პრიგოჟინის განცხადებაზე, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრიგოჟინი ჯარისკაცების სიცოცხლეს თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის სწირავს.

ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა შეძლეს ეფექტური კონტრშეტევის განხორციელება ბახმუტის მიმართულებით, რის შედეგადაც რუსეთმა 2 კმ-მდე დაიხია უკან.