პოლიტიკის ინსტიტუტმა ვიზალიბერალიზაციის გამოწვევების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა დოკუმენტის – „საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები: პოლიტიკური კონტექსტი და სტატისტიკა“ პრეზენტაცია გამართა.
პოლიტიკის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ დოკუმენტის მიზანია, გააანალიზოს, რამდენად დგას საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე და რამდენად სამართლიან შეფასებას ეყრდნობა ის სტატისტიკა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ჯგუფებს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განმაპირობებელ ფაქტორად მოჰყავთ.
დოკუმენტი ასევე წარმოადგენს რეკომენდაციებს მთავრობისთვის, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა საქართველო არ დადგეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე.
კვლევის ავტორების თქმით, გერმანიის მაგალითზე, სამი ძირითადი კომპონენტი ახდენს გავლენას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის თემის წინ წამოწევაზე.
„პირველი, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, იგივე შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები გერმანიაში, რომელშიც იგულისხმება ის, რომ სამთავრობო პარტიებზე გავლენას ახდენენ ულტრამემარჯვენე პარტიები. ხშირ შემთხვევაში, ესენი არიან რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი პარტიები, რომლებიც თავის მხრივ, გავლენას ახდენენ სამთავრობო პარტიებზე, რომელთაც სურთ ელექტორატის გულის მოგება და ვიზალიბერალიზაციის თემებით მანიპულირებით ქულების დაწერა ამომრჩეველთან. ასევე, გვაქვს მიგრაციის პრობლემა, ის სტატისტიკა, რასაც ვერ გავექცევით. განსაკუთრებით, 2017 წლის ბოლოს იყო მზარდი ტენდენცია თავშესაფრის მსურველთა რიცხვისა და კრიმინალის ზრდისა“, – აღნიშნავს დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი მარიამ გრიგალაშვილი.
პოლიტიკის ინსტიტუტის დოკუმენტში საუბარია გერმანიაში საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლების სტატისტიკასა და სხვადასხვა დანაშაულებში ეჭვმიტანილთა ჩამონათვალზე, ეროვნების მიხედვით.
„ჩვენი დოკუმენტი აჩვენებს, რომ სტატისტიკური თვალსაზრისით, ამ ეტაპზე შეშფოთების საფუძველი ნაკლებია, თუმცა მნიშვნელოვანია, გავიგოთ ადგილობრივი კონტექსტი, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ პოლიტიკის დოკუმენტშია განხილული გერმანიის მაგალითზე“, – აღნიშნავს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლევან კახიშვილი.