პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები“ პრეზენტაცია გაიმართება
საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მხარდაჭერით, გაიმართება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის – „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები“ პრეზენტაცია.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივებს და არაწევრი სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, წარმოადგენს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას „გარდამავალ პერიოდში“ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მიწვეულ დეპუტატებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.
პოლიტიკის დოკუმენტზე იმუშავეს და მას წარადგენენ ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ელენე ფანჩულიძე.
პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში 15:00 საათზე გაიმართება.