პოლიტიკა, როგორც ფიზიკა - ანგელა მერკელის გზა ჰელმუტ კოლის ასისტენტობიდან კანცლერობამდე
პოლიტიკა, როგორც ფიზიკა - ანგელა მერკელის გზა ჰელმუტ კოლის ასისტენტობიდან კანცლერობამდე

ევროპის დე ფაქტო ლიდერი

აგვისტოს ომის ათი წლისთავზე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად აღიარებული ანგელა მერკელი საქართველოში ჩამოდის. ჩვენს ქვეყანაში ეს მისი მეორე ვიზიტია – პირველად ანგელა მერკელი 10 წლის წინ, 17 აგვისტოს იმყოფებოდა, რა დროსაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ევროპის დე ფაქტო ლიდერი – ასე უწოდებს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს გამოცემა „ფორბსი“, რომელმაც ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად თორმეტჯერ დაასახელა. ანგელა მერკელი 2005 წელს გერმანიის პირველი ქალი კანცლერი გახდა და მას შემდეგ ქვეყანას უკვე მეოთხე ვადის განმავლობაში მართავს. მხარდამჭერები მას ხშირად უწოდებენ „მუთის“ (გერმ. Mutti), რაც შემოკლებით გერმანულად „დედიკოს“ ნიშნავს.

„ის გაიზარდა აღმოსავლეთ გერმანიაში, შორს დემოკრატიისგან, სწორედ ამიტომ ერთიან გერმანიაში ცხოვრებას საჩუქრად აღიქვამს“, – ამბობს გერმანელი პოლიტიკოსი ვოლფგანგ ბოსბახი ანგელა მერკელზე.

 

• პოლიტიკა მეცნიერის თვალით 

ნოემბრის ერთ საღამოს აღმოსავლეთ გერმანიაში ათასობით ადამიანი ბერლინის კედლის დანგრევას ზეიმობდა. საყოველთაო ეიფორიის მიუხედავად, ანგელა მერკელმა ყოველდღიურ რუტინას არ უღალატა და დღე ჩვეულებრივი განრიგით გააგრძელა.

გერმანიის მომავალი კანცლერი აცნობიერებდა, რომ კედელი გაიხსნა, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ის მალე დაიხურებოდა, ამიტომ მერკელი ქალაქის მეორე მხარეს გადასვლას არ ჩქარობდა. აუჩქარებელი ანალიზი დაძაბული სიტუაციის დროს – მისი პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია.

ანგელა დოროთეა კასნერი დაიბადა 1954 წელს ჰამბურგში. მერკელი მისი პირველი მეუღლის გვარია. ანგელას დაბადებიდან ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ტემპლინში, სადაც გერმანიის მომავალმა კანცლერმა ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა. მისი მამა ლუთერანი პასტორი, დედა კი უცხო ენების მასწავლებელი იყო. ანგელამ ლაიფციგის ინსტიტუტში ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა, 1978 წელს კი კვანტურ ქიმიაში დოქტორის ხარისხი მოიპოვა, რის შემდეგაც ორი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში ქიმიკოსად მუშაობდა.

ანგელა მერკელი მშობლებთან ერთად

მერკელზე ხშირად ამბობენ, რომ ის პოლიტიკას მეცნიერის თვალით უყურებს. გამოცემა Die Zeit-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ მას „გამომთვლელი მანქანა“ უწოდა.
როგორც ფიზიკოსი, ის მსოფლიოს ნაწილაკებად და ტალღებად აღიქვამს. პრობლემებს მეთოდოლოგიურად უდგება – აკეთებს შედარებებს, განიხილავს შესაძლო სცენარებს, აფასებს რისკებს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის რეაქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს. მას ხშირად საყვედურობენ გადაწყვეტილებების არაოპერატიულად მიღების გამო.

„ადამიანები ხშირად მადანაშაულებენ არასათანადოდ სწრაფად მოქმედებაში, რომ ზედმეტად ბევრი დრო მჭირდება გადაწყვეტილებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ვარიანტის განხილვა, სცენარის გავლა“, – განაცხადა მერკელმა BBC-თვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

• „რკინის ფარდის“ შედეგი

„თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი თავისით არ მოდის, მისთვის უნდა იბრძოლო, მას უნდა გაუფრთხილდე და დაიცვა.ზოგჯერ ეს შეიძლება ქარის წისქვილების წინააღმდეგ უსასრულო ბრძოლას ჰგავდეს. თუმცა, ჩემი პირადი გამოცდილება განსხვავებულია – ის, რაზეც დღეს ოცნებასაც ვერ ვბედავთ, ხვალ შესაძლოა, რეალობად იქცეს. დიქტატურის ვერანაირი ჯაჭვი ვერ შეაჩერებს თავისუფლების ძალად“, – ანგელა მერკელი, 2011 წელი.

აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტების რეჟიმის პირობებში ცხოვრებამ ანგელა მერკელს ერთი ჩვევა ჩაუნერგა.

„მე დღემდე ვყიდულობ რაღაცას, როგორც კი დავინახავ, არ აქვს მნიშვნელობა, მჭირდება თუ არა. ეს არის დიდი ხნის წინ გამჯდარი ჩვევა, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ დეფიციტის პირობებში, ყიდულობდი ყველაფერს, რისი ყიდვაც შეგეძლო და როცა შეგეძლო“, – აღიარა გერმანიის კანცლერმა გერმანულ მედიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

• „ჰელმუტ კოლის ასისტენტი გოგონადან“ კანცლერობამდე

ანგელა მერკელმა პოლიტიკური კარიერა ერთ-ერთ პარტიაში დამხმარედ დაიწყო. მოგვიანებით, ის უმსხვილესი პარტიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრესსპიკერი გახდა. მისი კარიერული ზრდა პირადად გერმანიის კანცლერის ჰელმუტ კოლის მეურვეობით მოხდა. „ჩემი გოგონა“ – ასე უწოდებდა კოლი საკუთარ პროტეჟეს, რომელიც ლოგიკური მსჯელობისა და მოსმენის უნარის გამო, პარტიის სხვა ახალგაზრდა წევრებს შორის გამოარჩია.

1991 წელს ჰელმუტ კოლმა ის ქალთა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრად დანიშნა, 1994 წელს კი გარემოს დაცვის სამინისტრო ჩააბარა.

1998 წლის სექტემბრის არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირი გერჰარდ შრედერის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან დამარცხდა. 1999 წელს, როდესაც ჰელმუტ კოლი პარტიის არალეგალურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, მერკელი ღია წერილში ყოფილ კანცლერს გაემიჯნა და მას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა. 2000 წელს მერკელი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელად აირჩიეს.

მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში კოლმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ანგელა მერკელის მხარდაჭერა მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ჰელმუტ კოლმა „თავის გოგონას“ ღალატი არ აპატია და მის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდა.

„გოგონა“ კი მალე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად აღიარეს.

 

• პუტინი და ძაღლი

2007 წელს რუსეთში, სოჭში ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა ოთახში შავი ლაბრადორი კონი შემოიყვანა. რუსეთის ლიდერმა იცოდა, რომ გერმანიის კანცლერს ბავშვობაში ძაღლმა უკბინა, რის გამოც ძაღლების მიმართ პანიკური შიში აქვს. შეხვედრის ფოტოებში ანგელა მერკელს სახეზე დაძაბულობა ემჩნევა, რუსეთის პრეზიდენტი კი კმაყოფილებას ვერ მალავს. მოგვიანებით, მერკელმა პუტინის საქციელზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მესმის, რატომ გააკეთა მან ეს – რათა დაამტკიცოს, რომ ის კაცია. მას საკუთარი სისუსტის ეშინია. რუსეთს არაფერი გააჩნია, არც წარმატებული პოლიტიკა და არც ეკონომიკა. ერთადერთი რაც გააჩნიათ, ეს არის“.

 

• ჩვენ გავუმკლავდებით

მიგრაციული კრიზისი გერმანიის კანცლერისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.

„ჩვენ გავუმკლავდებით“, – განაცხადა ანგელა მერკელმა, როდესაც ათასობით მიგრანტს ქვეყნის საზღვარი გაუხსნა. მერკელის განმარტებით, მისი ქმედებები ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებისკენ იყო მიმართული. თუმცა როგორც BBC-თან საუბრისას გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნორბერტ როტგენმა განაცხადა, პრაგმატიზმით ცნობილი მერკელის გადაწყვეტილება გარკვეულწილად ფაქტებს ემყარებოდა – მიგრანტები უკვე საზღვარზე იყვნენ, გერმანიას კი 10 ათასი ლტოლვილის მიღების საშუალება ჰქონდა.

ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკით მოსახლეობის ნაწილში გამოწვეული უკმაყოფილების მიუხედავად, მერკელმა გასული წლის არჩევნების შედეგად კანცლერის პოსტის შენარჩუნება შეძლო.

კანცლერი 2015 წლის ზაფხულში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

„ეს იყო სწორი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში ეს ხალხი შემოგვეშვა“, – განაცხადა მან 2017 წლის აგვისტოში, ბუნდესტაგის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.

• ჯაშუშების სკანდალი

აშშ-ისა და გერმანიის მთავრობებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 2013 წელს, როდესაც გაირკვა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ გერმანიის მოქალაქეებსა და ფარულად ისმენდნენ პირადად კანცლერის სატელეფონო საუბრებს.

„მეგობრებში ჯაშუშობა მიუღებელია“, – განაცხადა ანგელა მერკელმა მაშინ. თუმცა ჯაშუშობის სკანდალი მისსა და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თბილ პირად ურთიერთობებზე არ ასახულა. ისინი ხშირად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ტელეფონით.

 

• ოპერის აჩრდილი

გერმანიის კანცლერი ყოფილი მეუღლის ულრიხ მერკელის გვარს ატარებს. მისი პირველი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და სამახსოვროდ გვარი დაუტოვა.
გერმანიის კანცლერის მეორე მეუღლე ასევე ქიმიკოსია, იოახიმ ზაუერი. მას მედიასთან საუბარი არ უყვარს და იშვიათად ჩნდება ანგელა მერკელთან ერთად საჯარო ღონისძიებებზე. 2005 წელს ცოლის ინაუგურაციას არ დაესწრო და ცერემონიალს ტელევიზიით უყურა.

 

კანცლერის მეუღლე ხშირად ბიუჯეტური ავიახაზებით მგზავრობს, მერკელთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით ფრენის ნაცვლად. ოპერის თეატრი ის იშვიათი ადგილია, სადაც წყვილის ერთად ნახვაა შესაძლებელი. ოპერისადმი სიყვარულისა და არასაჯარო ცხოვრების გამო, გერმანულ მედიაში იოახიმ ზაუერს „ოპერის აჩრდილს“ უწოდებენ.
შვებულებას წყვილი ძირითადად მთებში ატარებს.

 

• ფეხბურთის მხარდამჭერი და კულინარი


ანგელა მერკელი ფეხბურთის გულშემატკივარია. გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრები განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის კანცლერს Muttivation- უწოდებენ. (Mutti – დედა; Motivation – მოტივაცია).

მერკელის საყვარელი საკვები – მწვანე კომბოსტო და სოსისია. თავად კი საკმაოდ კარგი კულინარია – მართალია, ამისთვის დრო არ რჩება. მის საუკეთესო კერძებს შორის კარტოფილის წვნიანი და ქლიავის ნამცხვარია.

მერკელი იშვიათად იცვამს კაბებს და უპირატესობას კოსტუმს ანიჭებს, ის ყოველთვის სადად და მოკრძალებულად გამოიყურება.

გერმანიის კანცლერის ცნობილი ჟესტი, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლებმა სპეციალური სიმბოლოც კი მოუფიქრეს <>

 

 

გამოყენებული წყაროები: BBC, Reuters, Telegraph, Guardian, The New Yorker, Time, Forbes, www.bundesregierung.de