პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად ანტონიო გუტერეში ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს
პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს.
გუტერეშის თქმით, ჰუმანიტარული პაუზების გარანტიები დაუყოვნებლივ არის საჭირო, რადგან ანკლავში პოლიომიელიტის გავრცელების პრევენცია მასშტაბურ კოორდინირებულ და სასწრაფო ძალისხმევას საჭიროებს.
„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო საბოლოო ვაქცინა არის მშვიდობა და ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიომიელიტის ვაქცინაციისთვის პაუზა აუცილებელია. შეუძლებელია ვაქცინაციის კამპანიის ჩატარება, როდესაც ყველგან ომი მძვინვარებს“, – განაცხადა გუტერეშმა.
მისივე ცნობით, გაერო მზად არის, დაიწყოს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ღაზაში 10 წლამდე ბავშვებში (დაახლოებით 640 ათასი ბავშვი), თუმცა, მისი თქმით, გამოწვევები სერიოზულია.
როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, კამპანიის ორი ეტაპის განმავლობაში ვაქცინაციის დაფარვამ, სულ მცირე, 95% უნდა შეადგინოს, რათა შესაძლებელი გახდეს პოლიომიელიტის გავრცელების პრევენცია. მისი თქმით, ვაქცინაციის წარმატებული კამპანიისთვის საჭირო იქნება ტრანსპორტირებისა და მაცივრების, ასევე ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა.
„როდესაც გგონია, რომ ღაზაში პალესტინელებისთვის მდგომარეობა ამაზე უარესი ვეღარ იქნება, მათი ტანჯვა იზრდება და მსოფლიო ამას უყურებს. ბოლო კვირებში პოლიომიელიტის ვირუსი აღმოაჩინეს საკანალიზაციო წყლის ნიმუშებში ხან იუნისსა და დეირ ალ-ბალაჰში. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი ახლა ცირკულირებს და საფრთხეს უქმნის ღაზაში ასობით ათას ბავშვს. ამ ინფექციას არ ადარდებს გამყოფი ხაზები და ის არ იცდის. პოლიომიელიტის გავრცელების პრევენცია და შეკავება საჭიროებს მასშტაბურ, კოორდინირებულ და სასწრაფო ძალისხმევას“, – განაცხადა გუტერეშმა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ ანკლავში პოლიომიელიტის ეპიდემია გასულ თვეს გამოაცხადა. პოლიომიელიტის ვირუსი ღაზის საკანალიზაციო სისტემაში რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინეს. ამასთან, გავრცელებული ცნობით, მოსახლეობაში გამოვლენილია ინფიცირების, სულ მცირე, ერთი შემთხვევა.